20 წლის თაზო მცურავიშვილი რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნოს აფართოვებს

20 წლის თაზო მცურავიშვილი კასპის მუნიციპალიტეტიდანაა. ახალგაზრდა მეწარმე სტუდენტია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობს. პროფესიული არჩევანი ბავშვობის გატაცებამ და წლების საქმიანობამ განაპირობა – უვე 7 წელია, რაც რკინაზე მუშაობს და ჭედურ ნაკეთობებს ქმნის.

თაზო ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია – 10 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით ახალგაზრდა მეწარმეს შესაძლებლობა მიეცა არსებული მცირე საწარმოსთვის რკინაზე სამუშაო 9 ახალი დანადგარი შეემატებინა და შედეგად, წარმოება გაეფართოვებინა:

„ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ მუშაობდა მამაჩემი რკინაზე და ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორ შეიძლებოდა რკინისგან სასურველი ფორმის და დიზაინის ნაკეთობების შექმნა. როცა წამოვიზარდე, ამ საქმიანობის შესწავლას აქტიურად მივყავი ხელი – თანდათანობით ვსწავლობდი ტექნოლოგიას, რომლითაც რკინის ჭედური ნაკეთობები იქმნება და სხვადასხვა ფორმის და დიზაინის თარგებსაც ვქმნიდი. უკვე 3 წელია, რაც საკუთარი სახელოსნო მაქვს – ჩემი ნაკეთობები როგორც ადგილბრივ ბაზარზე, ისე დედაქალაქშიც იყიდება“.

როგორც თაზო გვიამბობს, ამჟამად მაღაზიებში მზა პროდუქტს არ აბარებს, მხოლოდ კერძო შეკვეთებზე მუშაობს. მისი მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი თბილისში ცხოვრობს, მათ შორის არიან სხვადასხვა ტურისტული მაღაზიები, სატვირთო ავტომობილის მძღოლები და სხვა კერძო პირები.

თაზოს სამომავლო გეგმები დიდი სახელოსნოს აშენებას უკავშირდება, სადაც თანამედროვე მაღალეფექტიან CNC დანადგარს დაამონტაჟებს. აღნიშნული უმოკლეს დროში მაღალი ხარისხის პროდუქტის დამზადების საშუალებას მისცემს, შედეგად კი გაზრდის პროდუქტის ასორტიმენტს:

„ეს სახელოსნო შესაძლებლობას მომცემს ადგილობრივები დავასაქმო და ამგვარად ხელი შევუწყო ადგილობრივი ბაზრის განვითარებასაც. მომავალში მასტერკლასების ჩატარებასაც ვგეგმავ, რათა ახალი თაობა ამ სფეროთი დავაინტერესო“.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ხორციელდება USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge