წინაპართა ფოლკლორული ტრადიციის შესანარჩუნებლად, ახალგაზრდა მეწარმე მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქმნის

ჩვენი ქვეყნის ფოლკლორის ისტორია საუკუნეებს ითვლის – წინაპართა დანატოვრად ქართველებს ფოლკლორული მუსიკის დიდი კოლექცია გვერგო. გიორგი ნიპარიშვილი, ახალგაზრდა მეწარმე კასპიდან, ბავშვობიდანაა დაინტერესებული ფოლკლორული ინსტრუმენტების შექმნით. სწორედ ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში სურდა დაეარსებინა მცირე საწარმო, რომელიც ასეთი ნაკეთობების შექმნის საშუალებას მისცემდა და ამგვარად, უზრუნველყოფდა ქართულ ეროვნულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს თავისი უნიკალური საკრავებით.

“პირველად იდეა მაშინ დამებადა, როდესაც ერთ-ერთ ხელოსანს ფანდური შევუკვეთე დასამსადებლად და უბრალოდ ვკითხე, რა დრო დაგჭირდებათმეთქი. მან გამიღიმა და მიპასუხა: ახალგაზრდავ, ეს თამაში არ გეგონოს, ამას დრო სჭირდებაო. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, როდესაც ვიფიქრე, რომ ჩემითაც უნდა მეცადა ფოლკლორული საკრავების დამზადება. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ვამზადებ, როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ასევე, ვქმნი თითოეული მათგანის ჟღერადობასაც“.

გიორგიმ წარმატებით მიიღო მონაწილეობა RDFG-ის რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროგრამაში, მოხიბლა ჟიური ხელობის ცოდნით, გამოცდილებითა და ამბიციით და მიიღო დაფინანსება 10 000 ლარის ოდენობით. ეს წარმატება საშუალებას მისცემს გააფართოვოს წარმოება და მუსიკალური ინსტრუმენტების ნაირსახეობა. მოცემული თანხით გიორგი შეიძენს თანამედროვე მაღალ-ეფექტიან CNC დანადგარს, რომელიც ხეზე უფრო დეტალიზებული გამოსახულების ამოტვიფვრის საშუალებას მისცემს. აღნშნულის შედეგად, გიორგი გააფართოვებს წარმოებას და აამაღლებს პროდუქტის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ გიორგი აწარმოებს საკრავებს ისეთი ცნობილი ანსამბლებისათვის, როგორებიცაა ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, ერისიონი და სხვ.

2019 წელს რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ორი ფაზის ფარგლებში, 10 გამარჯვებული პროექტი შეირჩა – გიორგი ერთ-ერთი მათგანია. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა/წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება – გორი; სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი; რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნო – კასპი; ელექტრო მომსახურების ცენტრი – კასპი; ფრჩხილის მოვლის სალონი – ბოლნისი; ვაშლის ძმრის წარმოება – გორი; ერთიანი ონლაინ პლატფორმა „რა ვაჩუქო“ – ზუგდიდი.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ხორციელდება USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge