საოკუპაციო ხაზს იქით დარჩენილი მშობლების დასაბრუნებლად, სალომე სუკულენტების მცირე ბიზნესს აყალიბებს

28 წლის სალომე ქარდავა, იძულებით გადაადგილებული პირი ოკუპირებული აფხაზეთიდან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს. დიდი ხნის წინ სალომეს მშობლები საოკუპაციო ხაზის სხვა მხარეს დარჩნენ და რადგან სალომეს არ აქვს შესაბამისი საბუთები, მათთან ჩასვლას ვერ ახერხებს. სალომე წლების განმავლობაში ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ეპოვა გზა და ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ მისი მშობლები თავისთან ჩამოეყვანა და მშვიდი ცხოვრებით უზრუნველეყო. ამგვარად, დაებადა იდეა, რომ მისი ჰობი მცირე ბიზნესად ექცია და ფინანსურად დამოუკიდებელი გამხდარიყო.

მცენარეების მოშენებით, განსაკუთრებით კი ყვავილებითა და სუკულენტებით, სალომე ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. თავდაპირველად ეს საქმიანობა მისთვის მხოლოდ ჰობი იყო – ის ეხმარებოდა მეგობრებს ქორწილებისა და სხვა სახის ღონისძიებების გაფორმებში. სწორედ აქედან გაუჩნდა იდეა, რომ ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ ექცია. გადამწყვეტი მომენტი სალომესთვის RDFG-ის რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობა იყო, რომელმაც მისი ოცნება რეალობად აქცია.

პროექტში გამარჯვების შედეგად სალომემ მოიპოვა საგრანტო თანხა 6 462 ლარის ოდენობით, რომლითაც შეუდგა იმ მიწის დამუშავებას, რომელზეც 150 კვმ ფართობის ყვავილების სათბური გაშენდებოდა. მას შემდეგ, რაც სალომემ სუკულენტების რეალიზაციას მიჰყო ხელი, ბევრი ადგილობრივი მომხმარებელი გამოუჩნდა. ამჟამად ახალგაზრდა მეწარმე მოლაპარაკებებს აწარმოებს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და ქალაქ ზუგდიდის მერიასთან, რათა სამომავლოდ პასუხისმგებლობა აიღოს მათი ტერიტორიის ლანდშაფტის დიზაინზე.

მას შემდეგ, რაც სალომემ თავისი მცირე ბიზნესი განავითარა, მას ხშირად იწვევენ მცენარეებისა და ყვავილების ადგილობრივ გამოფენა-გაყიდვებზე, სადაც თავისი უნიკალური ყვავილების რეალიზაციის საშუალება ეძლევა. სამომავლოდ, სალომე ზუგდიდში სუკულენტების მაღაზიის გახსანასაც გეგმავს, რომელიც ამავდროულად იქნება კაფეც და ადგილობრივებსა და ტურისტებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სალომე არის ერთ ერთი დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა “ხელები მშვიდობისთვის”, რომლის ფარგლებშიც ის მასპინძლობს აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს და ეხმარება სხვადასხვა ხელსაქმის შესწავლაში, რათა მოგვიანებით მათ თავად შეძლონ  მცირე ბიზნესის წამოწყება.

2019 წელს რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ორი ფაზის ფარგლებში, 10 გამარჯვებული პროექტი შეირჩა – სალომე ერთ-ერთი მათგანია. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა/წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება – გორი; სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი; რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნო – კასპი; ელექტრო მომსახურების ცენტრი – კასპი; ფრჩხილის მოვლის სალონი – ბოლნისი; ვაშლის ძმრის წარმოება – გორი; ერთიანი ონლაინ პლატფორმა „რა ვაჩუქო“ – ზუგდიდი.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ხორციელდება USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge