პიროვნული განვითარების ტრენინგი საკუთარი თავის რეალიზებისათვის

  • Photo 2JPG

ირინა შავაძე და თამარ ტალახაძე უკვე მესამე თვეა, რაც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი. მათი თქმით, პროექტში მონაწილეობამ და  სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებთან შეხვედრამ უამრავი იდეა და ცხოვრებისადმი ახალი დამოკიდებულება გაუჩინათ. ორივე თამამად მიმხელს სამომავლო გეგმებს –  პროექტების იდეებს, რომელთა განხორციელებაზე ფიქრიც პიროვნული განვითარების ტრენინგის გავლის შემდეგ დაიწყეს.

26 წლის ირინა შავაძე დაწყებითი კლასების მასწავლებელია და ამბობს, რომ პიროვნული განვითარების ტრენინგის გავლის შემდეგ, სამომავლოდ გაცილებით მომზადებული შეხვდება ბავშვებს. ამასთან, თავდაჯერებულობაც მოემატა და საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებაზეც სერიოზულად დაიწყო ფიქრი.

ირინა მიყვება, რომ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შეხვდა სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული ხედვის უამრავ ადამიანს, რამაც დაარწმუნა, რომ თაობებს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა რეალურად არ არსებობს, რადგან მთავარია ადამიანებს ერთმანეთის მოსმენა უნდოდეთ და შეეძლოთ:

„უფრო დიპლომატი გავხდი. ადრე მიკვირდა, რატომ ფიქრობდნენ უფროსები განსხვავებულად, არასდროს მიცდია ამის მიზეზის გარკვევა. ახლა უფრო მეტად ჩავწვდი ამ განსხვავებული აზრების არსს და მეტად დავაფასე ისინი. უამრავი ახალი რამ გავიგე უფროსი თაობისგან. მშობლებთან ურთიერთობაც გაცილებით გამიმარტივდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პიროვნული განვითარების ტრენინგი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემ ირგვლივ ბევრი შესაძლებლობა დამანახა და საკუთარი ემოციების მართვა მასწავლა“.

პროფესიით გეოლოგი, 59 წლის თამარ ტალახაძე უკვე წლებია თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუშაობს. მიაჩნია, რომ პიროვნული განვითარების ტრენინგმა განსაკუთრებული გავლენა მის სამომავლო გეგმებზე იქონია და თუმცა სწრაფი ტემპით არა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯი საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში შეუდგება:

„სამწუხაროდ, ჩვენ დროს არ ისწავლებოდა თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ასეთი შესაძლებლობა სკოლაში ან თუნდაც უნივერსიტეტში რომ მქონოდა… ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე. ამ გადმოსახედიდან, ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. პიროვნული განვითარების ტრენინგმა იმდენი რამ შთამაგონა, რომ ჩემი პროექტის განხორციელებაც კი გადავწყვიტე“.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ტრენენინგს პიროვნული განვითარების ტრენერი – თემურ მიქაუტიძე უძღვებოდა. მისი სესიები გამორჩეულად პროდუქტიული აღმოჩნდა პროგრამის მონაწილეთათვის.

ის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც ადამიანი იმ განზრახვით იწყებს, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს, პიროვნულ მზაობას მოითხოვს:

„ადამიანის ინფორმაციული ცოდნის დონე ერთი მხარეა, ხოლო მისი თვისობრივად მომზადება სულ სხვა რამაა. მას უნდა ჰქონდეს შინაგანი განწყობა, რომ ყველაფერი შეუძლია – რომ ის არა რიგითი ჭანჭიკი, არამედ თავად შემოქმედია. ასეთი ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ თავს წევს წინ, არამედ სახელმწიფოსაც. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსაზღვრა, რაში შეიძლება გამოადგეს სხვას. ადამიანები მზა რეცეპტით არ უნდა ხელმძღვანელობდნენ, თითოეულ მათგანს თავისი ინიციატივა უნდა გააჩნდეს. მათ სჭირდებათ ბიძგი, რომ განსაზღვრონ რაში შეიძლება გამოადგნენ გარშემომყოფებს“.

თემურ მიქაუტიძის თქმით, ზოგადად, თითოეულ მის სესიას აუდიტორიის მხრიდან ხშირად მოსდევს აღტაცება, თუმცა აუცილებელია, რომ აღნიშნულს შედეგად პირველი რეალური ნაბიჯები მოჰყვეს:

„ზოგს ჩემ მიერ გადაცემული მუხტი შეიძლება ეყოს ერთი დღე, ზოგს – სამი. მაგრამ ეს ხომ მათ მთელი ცხოვრება არ გაჰყვებათ. შემდეგ საჭიროა შინაგანი დისციპლინა, რომ გამოიყენო შანსი, გადადგა პირველი ნაბიჯი და გაუმკლავდე იმ წინააღმდეგობებს, რაც გზად შეგხვდება. ტრენინგი ადამიანს წარმატებულს არ ხდის, ადამიანები თვითონ ხდებიან წარმატებულები. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს თავისი თავი და აუცილებლად იტრიალოს წარმატებული ადამიანების გარემოცვაში“.

პროექტის მონაწილეები ამბობენ, რომ თემურ მიქაუტიძის ტრენინგი სწორედ ზემოაღნიშნული ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა თითოეული მათგანისათვის. თემურის თქმით კი, ადამიანებს ექსტრემალურ ვითარებასთან გამკლავებისა და დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარი უნდა ჰქონდეთ, რათა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა მათთვის სასიკეთოთ შემოაბრუნონ და შესაბამისად, შეძლონ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ENPARD პროგრამის დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge