მრავალფეროვნებითა და დედაქალაქთან სიახლოვით გამორჩეული თოკების პარკის ატრაქცია დაბა მანგლისში

ალგეთის ეროვნული პარკი, რომელიც სამკურნალო და დასასვენებელ კურორტად ცნობილ დაბა მანგლისში მდებარეობს, თბილისიდან 60 კმ-შია. რეკრეაციული და სამკურნალო დანიშნულების გარდა, მანგლისი ცნობილია მისი ღირსშესანიშნაობებით, რომელთა სანახავადაც მარშრუტის დაგეგმვა ალგეთის ეროვნული პარკის ეზოში, ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი. 2019 წლიდან ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მხარდაჭერით, ვიზიტორთა ცენტრის ეზოში თოკების პარკის ატრაქცია ფუნქციონირებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემეცნებითი და გასართობი ადგილი გახდა ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორისთვის.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თოკების პარკის რამდენიმე ატრაქციაა მოწყობილი, თუმცა, ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარე ატრაქცია სხვებისგან მასშტაბით, მრავალფეროვნებითა და, რაც მთავარია, დედაქალაქთან ახლოს, რეკრეაციულ ზონაში, მდებარეობით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს ვიზიტორს ერთ დღეში ისიამოვნოს უამრავი საინტერესო თავგადასავლით.

თოკების პარკის ატრაქციის შექმნის იდეა გაჩნდა 2018 წელს, ეკო-ტურიზმის სტრატეგიის გეგმის შესაბამისად, რომელიც დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის – „კავკასიაში საქართველო“ –  ფარგლებში ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გასამდიდრებლად, ალგეთის ეროვნული პარკის პოპულარიზაციისთვის, ტურისტების ნაკადის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და, ამგვარად, დაბისა და უშუალოდ ალგეთის ეროვნული პარკისათვის საკუთარი შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, უამრავი იდეა მუშავდებოდა. თუმცა, როგორც ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორი ავთანდილ მჭედლიძე აღნიშნავს, საბოლოოდ თოკების პარკის ატრაქციის იდეა ყველამ ერთხმად მოიწონა:

„იდეა ძალიან მომწონდა და ვიცოდი, რომ ზემოხსნებული მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარებოდა. სწორედ ამ დროს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პირველ ეტაპზე, აღვწერეთ უშუალოდ პროექტი, მოგვიანებით, კი დეტალურად ჩავშალეთ, რა ოდენობის შემოსავალს მოუტანდა დაბა მანგლისს ეს პროექტი – რა რაოდენობის ვიზიტორს ვუპასპინძლებდით, როგორ დავიცავდით უსაფრთხოების სტანდარტებს და სხვ. პროექტმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შეფასების კომისიის მიერ მოწონება დაიმსახურა და შემდგომში მოვიპოვეთ კიდეც დაფინანსება“.

თოკების პარკის ატრაქცია 2019 წლის 1 აგვისტოდან ფუნქციონირებს და უკვე მოუტანა ფინანსური სარგებელი, როგორც ალგეთის ეროვნულ პარკს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ატრაქციაზე მოსულ ვიზიტორებს სჭირდებათ კვება, ღამის გათევა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ხშირად სურთ საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების გავლაც. ამ სერვისებს  ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფს, რაც ავითარებს ეკოტურიზმს დაცულ ტერიტორიებზე და პარკის ფუნქციონირებით ადგილობრივი მოსახლეობაც  ნახულობს სარგებელს.

გასული წლის სეზონზე (აგვსიტო-ოქტომბერი) თოკების პარკს 711 ვიზიტორი ჰყავდა, რამაც ალგეთის ეროვნულ პარკს შემოსავალის სახით 11 945 ლარი მოუტანა. ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორის ავთანდილ მჭედლიძის აზრით, პარკის დანიშნულება, როგორც გასართობი, ისე შემეცნებითია. მისი თქმით, 130 მეტრიანი საოჯახო მარშრუტი ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებზეა გათვლილი, ხოლო მარშრუტი – დიდებისთვის – მხოლოდ უფროსებისთვისაა:

„საოჯახო მარშრუტის დასალაშქრად, ვიზიტორის სიმაღლე არ უნდა იყოს 120 სმ-ზე დაბალი, ხოლო წონა არ უნდა აღემატებოდეს 120 კგ-ს. მარშრუტი დიდებისთვის თითქმის ორჯერ გრძელი და გაცილებით რთული გადასალახია. ატრაქცია 240 მეტრი სიგრძისაა, ხისა და თოკებისგან შემდგარი სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებისგან შედგება. თითოეულ ბილიკს შორის დაშორება 5-დან 10 მეტრამდეა. რაც შეეხება ფასებს, საოჯახოს შემთხვევაში 1 ადამიანის ერთხელ გასვლა 15 ლარი ღირს, დიდების შემთხვევაში კი – 20 ლარი“.

თოკების ატრაქციაზე მდებარე დაბრკოლებების გადასალახად, აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რომლებსაც თითოეულ ვიზიტორს მისვლისთანავე აცნობენ. ინსტრუქტორი უხსნის მათ, როგორ უნდა გადალახონ დაბრკოლებები და როგორია ქცევის წესები. აღნიშნულის შემდეგ თითოეულ თავგადასავლის მაძიებელს უსაფრთხოების ჩაფხუტსა და ქამარს არგებს. ქამარზე 3 უსაფრთხოების თოკია დამაგრებული, თავისი უსაფრთხოების კარაბინით. 3 თოკიდან 1 მუდმივად ბაგირზეა დამაგრებული, მოუხსნელად დაჰყვება ვიზიტორს და გათვლილია 400 კგ დარტყმაზე, თვითონ ბაგირი კი – 10 ტონა დარტყმის სიმძიმეზე. თითოეულ ატრაქციაზე 2 ინსტრუქტორია მიმაგრებული – ისინი არ დაჰყვებიან ვიზიტორს, თუმცა ატრაქციიდან ჩამოვარდნის შემთხვევაში (ვიზიტორი თოკით მიმაგრებული რჩება ბაგირზე, გადმოვარდნისას ფაქტობრივად უბრალოდ ეკიდება ატრაქციაზე), პასუხიმგებელია დააბრუნოს ის დაბრკოლებაზე ან დაეხმაროს მას ჩამოსვლაში.

COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, 2020 წლის სეზონზე ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარე თოკების პარკის ატრაქცია ჯერ არ გახსნილა, თუმცა პარკის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ და რა პირობებით შეძლებს პარკი ვიზიტორების მასპინძლობას. ავთანდილ მჭედლიძე ამბობს, რომ რადგან ინსტრუქტორს უშუალო შემხებლობა აქვს ვიზიტორთან მისი უსაფრთხოების ქამრებითა და ჩაფხუტით აღჭურვის დროს, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამავდროულად, სირთულეს წარმოადგენს ატრაქციის სრული და დროული სტერილიზებაც, რადგან ვიზიტორი ფაქტობრივად ყველაფერს ხელით ეხება:

„ამჟამად ვამუშავებთ გეგმას, რათა დროულად შევძლოთ პარკის გახსნა. ჩვენი ვარაუდით უბრალოდ გარკვეულ კვოტას დავაწესებთ – რამდენი ვიზიტორის მასპინლობას შევძლებთ დღეში, რომ 100%-ით შევძლოთ ვირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დაგვჭირდება თითოეული ვიზიტორის შემდეგ ატრაქციის სრულად გასტერილიზებაზე და რა თანხა დაჯდება აღნიშნული. ამის განსაზღვრის შემდეგ, დავადგენთ თუ რამდენი ადამიანის მასპინლობას შევძლებთ დღის განავლობაში და ჩვენი მხრიდან, რა დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყოფა იქნება საჭირო. აღნიშნულზე ახლა ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებთ თოკების პარკის ატრაქციის გახსნას“.

დაბა მანგლისს განსაკუთრებით დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. აღსანიშნავია, რომ  თოკების პარკში მისული ვიზიტორები სარგებლობენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეთავაზებული სხვა სერვისებითაც, რაც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას და რეგიონში ახალგაზრდების დაბრუნებას. როგორც ავთანდილ მჭედლიძე გვიამბობს, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ალგეთის ეროვნული პარკის საფეხმავლო ბილიკების სტანდარტიზებაზე, ასევე, საკემპინგე, საბანაკე, საპიკნიკე ტერიტორიისა და კოტეჯების სივრცის მოწყობაზე პარკის ტერიტორიაზე. ამავდროულად, ადმინისტრაციის ეზოში ღია კაფის მოწყობაცაა დაგეგმილი. აღიშნულ ინიციატივებს საფუძველი თოკების პარკის ატრაქციის პროექტის ფარგლებში მიღწეულმა წარმატებულმა შედეგმა ჩაუყარა – პარკმა აჩვენა, რომ ამგვარი ინიციატივები კიდევ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, რაც შესაძლებლობას ქმნის, როგორც პარკის მდგრადი განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი ოჯახების შემოსავლების ზრდისთვის.

ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილი თოკების პარკის ატრაქციის ჯამური ბიუჯეტი 250 000 ლარია, საიდანაც 100 000 ლარის ოდეობის თანხა გამოიყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიების მხარდამჭერი პროგრამის – „კავკასია საქართველოში“ ფარგლებში, GFA კონსალტინგ გრუპის წარმომადგენლობის მიერ საქართველოში. პროექტისათვის საჭირო ძირითადი თანხის – 150 000 ლარის ოდენობის გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო.

თეთრიწყაროს LAG შეიქმნა 2017 წელს ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს LAG ერთ-ერთია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებულ თორმეტ LAG-ს შორის. LAG არის მულტისექტორული პლატფორმა, რომელიც აერთინებს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამჟამად თეთრიწყაროს LAG წარმოდგენილია 107 ადგილობრივი მაცხოვრებლით, სულ 20 თემიდან. მათ შორის არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, თეთრიწყაროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები.

2018 წელს თეთრიწყაროს LAG-მა შეიმუშავა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022 წლებისთვის. დოკუმენტით განსაზღვრულია თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება: 1. გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება; 2. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა; 3. სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; 4. სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია. აღნიშნულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ამ დრომდე დაფინანსებულია 65 სოფლის განვითარების ინიციატივა 5 მლნ ლარის ოდენობით, რაც ჯამში მოიცავს ადგილობრივი თემის პირდაპირ და არაპირდაპირ 48 562 ბენეფიციარს.

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი, RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი – nkopaleishvili@rdfg.ge