ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმე ერთადერთია თემში, ვინც სამკერვალო სერვისს უზრუნველყოფს

„კერვა 16 წლის ასაკიდან დავიწყე. დედაჩემმა სახლში ძველებური საკერავი მანქანა მოიტანა, უნდოდა რაღაცები გადაეკეთებინა, მაგრამ ალღო ვერ აუღო და საკერავი მანქანა მე გადმომილოცა. ასე დაიწყო ჩემი და ჭრა-კერვის ურთიერთობის ისტორია – მახსოვს, მაშინ ძალიან მოვინდომე, YouTube-ზე ვიდეოებს ვუყურე, დავხვეწე ტექნიკა და ნელ-ნელა ვისწავლე კიდეც ეს საქმე. ახლა ერთადერთი ვარ თემში, ვინც სამკერვალო სერვისს უზრუნველყოფს “, – RDFG-ის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის გამარჯვებული, 20 წლის ნაზი ანთაძე გვიამბობს, როგორ მოიპოვა საგრანტო თანხა თავისი მცირე ბიზნესის გასაფართოვებლად და როგორია მისი საწარმოს სამომავლო გეგმები.

ნაზი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი გომაროდანაა. ჯერ 20 წლისაა, თუმცა, მიზნად არსებული სამკერვალო სალონის გაფართოვება, წარმოების გაზრდა და ამგვარად, ადგილობრივების დასაქმება უკვე დასახული აქვს. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან საგრანტო კონკურსში გამარჯვებით არა მხოლოდ ოცნება აიხდინა, არამედ უამრავი შესაძლებლობა გადაეშალა წინ:

„ხშირად მესმოდა, რომ თემში ტანსაცმლის გადაკეთების ან ახლის შეკერვის საჭიროება იყო. ადგილობრივები ამბობდნენ ხოლმე, რომ მკერავის მომსახურების მიღება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა, არა მხოლოდ ჩემი თემისთვის არამედ მიმდებარე სოფლებისა და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის. არ არსებობდა არანაირი სამკვერვალო საწარმო. მე კი მქონდა ძველებური საკერავი მანქანა, რომელზეც რაღაცებს ვკერავდი, თუმცა დანადგარი დიდ გასაქანს არ მაძლევდა და თემის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებასაც ვერ ვახერხებდი. ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო სამეწარმეო პროექტში და გავიმარჯვე კიდეც“.

სამეწარმეო კონკურსში გამარჯვების შედეგად, ნაზიმ 3 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხა მოიპოვა – მას გადაეცა თანამედროვე საკერავი მანქანა დასადგამი მაგიდით, საუთოებელი მაგიდა, უთო, ტანსაცმლის საკიდი და მაკრატლები. მისი თქმით, თანასოფლელებს ძალიან მოსწონთ ახალი საკერავი მანქანით შეკერილი ან გადაკეთებული ტანსაცმელი, გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვიცა და ნაზის სამკერვალო სალონის ცნობადობაც. როგორც თავად ამბობს, აღნიშნულმა შესაძლებლობა მისცა თემში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების მოთხოვნა სრულად დაეკმაყოფილებინა.

ნაზის ოცნება დიდი სამკერვალო საწარმოს შექმნაა, სადაც ადგილობრივების დასაქმებასა და მაღალი ხარისხის ტანსაცმლის შეკერვას შეძლებს. უახლოეს მომავალში კი საქარგი აპარატურის შეძენა სურს, რადგან მოქარგულ ტანსაცმელზე, განსაკუთრებით მაისურებსა და ჩანთებზე, მოთხოვნა ძალიან დიდია:

„მიღებულმა გრანტმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა – უკვე ყველა მიცნობს, როგორც „მკერავ ნაზის“ და ეს ძალიან მსიამოვნებს. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება შემძინა, რადგან ახალმა დანადგარმა შესაძლებლობა მომცა არსებული ცოდნა გამეღრმავებინა და კერვის ტექნიკა დამეხვეწა. მნიშვნელოვანია, რომ შეკვეთების რიცხვიც გაიაზრდა, ამან კი შესაძლებლობა მომცა ჩემს მეზობლად მცხოვრები 19 წლის გოგოც დამესაქმებინა“.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ხორციელდება USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge