17-მა ახალგაზრდამ USAID ზრდა პროექტის 9 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო კახეთში გამართულ სამეწარმეო ბანაკში


2020 წლის 11-18 ივლისს, 17-მა ახალგაზრდამ (15 საპროექტო წინადადების ავტორმა) საქართველოს 9 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო შატო მოსმიერში (ქისისხევი, თელავი რაიონი, კახეთი) გამართულ სამეწარმეო ბანაკში. ბანაკი, რომელიც რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა, ფოკუსირებული იყო ახალგაზრდებისთვის დამატებითი ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის საპროექტო წინადადებების უკეთ დასამუშავებლად და შემდგომში შეფასების კომისიითვის წარსადგენად. პროგრამის მესამე, დასკვნით ფაზას, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) USAID ზრდა პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

სამეწარმეო ბანაკი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას RDFG-ს ტრენერები უძღვებოდნენ, ბანაკის დასასრულს კი პროექტის ბენეფიციარებს სამი სპიკერი ესტუმრა, მათ შორის სოფლისა და სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს (ARDA) წარმოამდგენელი ქეთევან ლაცაბიძე, Live Branding-ის დამფუძნებელი და GIPA-ს პროფესორი ბრენდიგნში ალექს ჩიქოვანი, VREX-ის დამფუძნებელი, ინსპირაციული სპიკერი და ქოუჩი ნიკოლოზ გოგოჭური. სამეწარმეო ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები შეეხებოდა შემდეგ თემებს: გაყიდვები, პროდუქტის/სერვისის მარკეტინგი, „იცნობდე შენს მომხმარებლებს“, გავრცელების არხები, ფინანსურ ინსტიტუციებსა და პოტენციურ დამფინანსებლებთან მუშაობა, ძირითადი ფინანსური გეგმის შემუშავება, იდეის/პროექტის „გაპიჩვა“, სხვ. სამეწარმეო ბანაკი ასევე მოინახულა USAID ზრდა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძემ.

სამეწარმეო ბანაკის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს ექნებათ 3 კვირა იმისთვის, რომ დაასრულონ თავიანთ ბიზნეს პროექტსა და ფინანსურ განაცხადზე მუშაობა და დოკუმენტი RDFG-ში გამოაგზავნონ. საბოლოო ეტაპზე, 2020 წლის 5 სექტემბერს, შეფასების დამოუკიდებელი კომისია შეაფასებს წაროდგენილ ბიზნეს პროექტებს და მოუსმენს პროექტის ავტორების პრეზენტაციებს. კომისია შეარჩევს მინიმუმ 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, თითოეული მათგანი დაფინანსდება არაუმეტეს 10 000 ლარის საგრანტო თანხისა.

ამ დრომდე ჩატარებული პროექტის 2 ფაზის ფარგლებში, ჯამში დაფინანსდა 10 პროექტი. პროგრამის მონაწილეებმა პროექტები წარადგინეს სოფლის მეურნეობის, შემოქმედებითი ინდუსტრიის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით: ჭვავისა და წიწიბურის პურის წარმოება გორში, სუკულენტების წარმოება ზუგდიდში, ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება კასპში, პიკანტური ჯემების წარმოება ასპინძაში, სამკერვალო სალონი ადიგენში, რკინის ჭედური ნაკეთობები კასპში, ფრჩხილების მოვლის სალონი ბოლნისში, Ready to Light – ელექტრული სერვისი კასპში, ვაშლის ძმრის წარმოება გორში, ონლაინ პლატფორმა „რა ვაჩუქო“ ზუგდიდში.

რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტი 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში ხორციელდება: ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი. პროექტის მონაწილეებს ბიზნეს იდეები 4 მიმართულებით უნდა წარედგინათ: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები ანს შემოქმედებითი ინდუსტრიები. პროექტს ახორციელებს RDFG, USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში და მისი მხარდამჭერები არიან: აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო, კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი სტარტაპერი.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი; nkopaleishvili@rdfg.ge
რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი; rjavelidze@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►