RDFG-ისთან არსებული DRR ცენტრი მონაწილეობს მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემისა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოების შექმნაზე

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს და დანერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომა. აღნიშნული მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას. ინიციატივა მიმართულია იმ მთავარი ბარიერების დაძლევაზე, რომლებიც ხელს უშლიან მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის (MHEWS) შექმნას და ასევე მოიცავს კლიმატის რისკის მართვის ყველა სხვა ასპექტს, რომელიც მრავლმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის (MHEWS) მხარდასაჭერადაა აუცილებელი.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center) აქტიურად არის ჩართული მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემებისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების იურიდიული და ინსტიტუციური დოკუმენტების ნუსხის შესწავლაში, რათა იდენტიფიცირებულ იქნას სექტორში არსებული ხარვეზები და საჭიროებები. აღნიშნული დოკუმენტი დასრულების შემდეგ მოიცავს შესაბამის მეთოდიკას, სტრატეგიას, იდენტიფიცირებულ კანონმდებლობას/დებულებებს, საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს, პროცედურებს, სააღსრულებო აქტებს, პრაქტიკის კოდებს, ოქმებს, სახელმძღვანელო პრინციპებს და ჩარჩო დოკუმენტებს. დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდგომ, პროექტს წარედგინება კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები ადრეული გაფრთხილების სისტემის გასაუმჯობესებლად.

ვანო გრიგოლაშვილი, RDFG-ის თავმჯდომარე, კატასტროფის რისკის შემცირებისა (DRR) და ადრეული გაფრთხილების სისტემების (EWS) გუნდის ლიდერი პროექტის ფარგლებში, ხელმძღვანელობს ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩამოყალიბების სტრუქტურულ შემუშავებას როლების, პასუხისმგებლობებისა და ინსტიტუციური გადანაწილების გათვალისწინებით. RDFG-ის თავმჯდომარე ასევე აქტიურად არის ჩართული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, საკომუნიკაციო ოქმებისა და ქცევის კოდების შემუშავებაში თითოეული უწყებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის (MHEWS) სხვადასხვა ელემენტსა და დროულ რეაგირებაზე:

”RDFG-ის გუნდი, რომელიც წარმოდგენილია კატასტროფის რისკის შემცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის, წყლის რესურსების მართვის, პოლიტიკის ანალიზის და განვითარების  ექსპერტებით, მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნისა და  გაუმჯობესების მიზნით, პასუხისმგებელია ხარვეზებისა სპეციფიკური საჭიროებების დადგენაზე. აღნიშნული მოიცავს კონკრეტული მანდატების განსაზღვრასა და ოპერაციის სტანდარტულ პროცედურებს, რომლებიც ხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობით მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

RDFG პასუხისმგებელია ადრეული გაფრთხილების სისტემების, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის ფუნქციონირებისა და შენარჩუნების არსებული პრაქტიკის და შესაძლებლობების განხილვაზე, ხარვეზების (მათ შორის საკანონმდებლო) დადგენაზე, რეკომენდაციების შემუშავებასა და შესაძლებლობების განვითარების გეგმის შედგენაზე შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – MEPA, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო – NEA, სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (EMS) – თანამშრომლობით“.

პროექტი – მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემისა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოების შექმნა – ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კლიმატის ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO), რომლის მიზანია მრავალმხრივი საფრთხეების რისკის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება. პროექტი ხორციელდება სამი ჩეხური ორგანიზაციის – გლობალური ცვლილებების კვლევის ინსტიტუტი Czech Globe, მასარიკის წყლის კვლევის ინსტიტუტისა (T. G. Masaryk Water Research Institute), საზოგადოებრივი კვლევითი ინსტიტუტის (public research institution – TGM WRI) Dekonta – და RDFG-საგან შემდგარი კონსორციუმის მიერ.

RDFG, მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ფარგლებში, მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს ადგილობრივი თემების მედეგობა ტექნოგენური და ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ; ასევე, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საზოგადოებას, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს, კოორდინირებული და სისტემური ცნობიერების ამაღლების, უნარების გამომუშავებისა და ტექნიკური დახმარების გზით, ხელს უწყობს კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით პრევენციული კულტურის განვითარებაში.

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – RDFG-ის თავმჯდომარე; vgrigolashvili@rdfg.ge
შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების და საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტი; skublashvili@rfdg.ge
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი, nkopaleishvili@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►