დასაქმების პროგრამა ’’Employment Shuttle“-ის დასკვნითი ღონისძიება თბილისში

5 თებერვალს, ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ პროექტ LIFE Georgia-ს ფარგლებში განხორციელებული დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიებაზე ,,ბეტსის სასტუმროში“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო. პროექტს წარმატებული მონაწილეები საქართველოს სამი ლოკაციიდან ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტის ახალი ეტაპი 1 მარტს დაიწყება ახლადშერჩეულ ჯგუფთან ერთად. დასაქმების პროგრამაში ჩართული იყვნენ 18-45 წლამდე უმუშევარი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომელთაც საკუთარი თავის რეალიზება და სამსახურის ძიების გარკვეული ტექნიკების განვითარება სჭირდებოდათ შრომის ბაზარზე დასასაქმებლად.

დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით წარსდგნენ პროექტში ჩართული სამინისტროების თანამშრომლები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე და პროექტის მენეჯერი ნატალი ჰულუ, ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მარსელა მაქსფილდი და პროექტის ბენეფიციარები, პროგრამის წარმატებულ მენტორებს კი სამადლობელი სიგელები გადაეცათ.

ასოციაცია ’’RDFG“-ის (,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“) თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი სიამაყით აღნიშნავს, რომ ასოციაცია კვლავ შემართებით განაგრძობს პროექტში მონაწილე ახალ ნაკადთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას მათი შემდგომი დასაქმებისა თუ ერთობლივი წარმატებების მისაღწევად.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►