იყავი განსხვავებული კანდიდატი – ეს არის სლოგანი საგანმანათლებლო ცენტრისა, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მსურველებს პროფესიული განათლების კურსებს სთავაზობს. უცხო ენები, ბუღალტერია, ფარმაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი –  ეს არასრული ჩამონათვალია იმ კურსებისა, რომელთა გავლაც „BDC აკადემიაშია“ შესაძლებელი. პროექტ LIFE Georgia-ს და RDFG-ს გრანტის წყალობით ახლახან აკადემიას კიდევ ერთი, გორის ფილიალი შეემატა. ყველაფერი კი ასე დაიწყო…

„BDC აკადემიის“ დამაარსებელს, ნათია შათირიშვილს გორის ფილიალის გახსნის იდეა დიდი ხნის წინ გაუჩნდა, თუმცა მატერიალური რესურსების უქონლობის გამო იდეა იდეად რჩებოდა. საბედნიეროდ, ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე ნათიამ პროექტ LIFE Georgia-ს შესახებ შეიტყო და მაშინვე გადაწყვიტა საგრანტო კონკურსში ბედი ეცადა. მას შემდეგ, რაც RDFG-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს დაესწრო და ბიზნეს გეგმაც წარადგინა, მისი პროექტი გამარჯვებულებს შორის მოხვდა.

„RDFG-სთან თანამშრომლობა იყო ძალიან დიდი გამართლება როგორც ჩემთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქტიური და პროდუქტიული თანამშრომლობის შედეგად  „BDC აკადემიის“ გორის ფილიალი გავხსენით. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა დამეხმარა დამეწერა ისეთი ბიზნეს გეგმა, რომელიც ჩემს პროექტს გამარჯვებას მოუტანდა“ – ამბობს ნათია.

როდეასაც ჯერი თანამშრომლების აყვანაზე მიდგა, ნათიამ გადაწყვიტა, რომ აკადემიის მომავალი თანამშრომლები თავადვე გადაემზადებიდა. დღესდღეობით BDC აკადემიაში 30 ადამიანია დასაქმებული. მათგან რვა LIFE Georgia-ს დასაქმების პროგრამის „Employment Shuttle” -ის ბენეფიციარია. დასაქმებულთა შორის არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ერთი შშმ პირი. აკადემიას გაფორმებული აქვს კონტრაქტები სხვადასხვა უნივერსიტეტებან,  სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან, რაც გადამზადების შემდეგ სტაჟრებასა და დასაქმების პერსპექტივას გულისხმობს.

აკადემიაში კურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განურჩევლად ასაკისა. არის ტრენინგები როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრულთათვის. რაც შეეხება საფასურს, როგორც ნათია ამბობს, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თანხის უქონლობის გამო სწავლაზე უარი არავის ეთქვა, შესაბამისად საფასური ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.  გარდა ამისა, შეღავათები ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წებრებზე, სოციალურად დაუცველებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე.

„BDC აკადემიის“ გორის ფილიალის გახსნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადავწყვიტე, თუმცა ფინანსების მოძიებას ვერ ვახერხებდი. პროექტი LIFE Georgia დამეხმარა ამ მიზნის განხორციელებაში და ერთბლივი ძალებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის განვითარების, დასაქმებისა და უკეთესი მომავლის პერსპექტივა შევქმენით. ეს ყველაფერი RDFG-ს დამსახურებაა“ – ამბობს ნათია შათირიშვილი.

ნათია მომავალში აკადემიის კიდევ უფრო გაფართოებასა და ახალი კურსების დამატებას გეგმავს, ამჟამად კი „BDC აკადემიაში“ სწავლა გორის გარდა თბილისში, მარნეულსა და ჩოხატაურშია შესაძლებელი.