84 წლის შუდირა პაპას მიერ განხორციელებული პროექტი და სამომავლო გეგმები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არდისუბანში 84 წლის შუდირა პაპა გვხვდება, თავისი კარ-მიდამოსკენ მიგვიძღვება და იმ პროექტის შესახებ გვიამბობს, რომელსაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მხარდაჭერით ახორციელებს. ქალიშვილთან, ნანასთან და შვილიშვილებთან ერთად, გვათვალიერებინებს პროექტის ფარგლებში შეძენილ, თაფლის წარმოებისთვის საჭირო სპეციალურ აღჭურვილობასა და აქსესუარებს, გვიზიარებს სამომავლო გეგმებს.

კოოპერატივი „ქვის წყაროს“ თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი, შუდირა დავითაშვილი მეფუტკრეობას 35 წელია ეწევა. თაფლის მოსავალს წელიწადში ორჯერ იღებს. სკები, 100-მდე ოჯახი ფუტკრით, სახლთან ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში უწყვია. ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოში ბოლო წლებში კლიმატური ცვლილებით გამოწვეული თაფლის დაბალი მოსავლიანობისა, დარგი შემოსავლიანია და თაფლის პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია. ევროკავშირის ENPARD პროექტში  გამარჯვებამდე, სკებს, მათთვის საჭირო ჩარჩოებსა და მეფუტკრის კომბინიზონებს სხვა კომპანიებისგან ყიდულობდა, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი მეფუტკრის ინვენტარისა და აქსესუარების დამზადებას და ამგვარად, სხვა კომპანიების მომარაგებას შეძლებს:

„როდესაც RDFG-მ ევროკავშირის ENPARD პროგრამის პირველი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, დაუყოვნებლივ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, რადგან ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმიანობის გაფართოება. თავდაპირველად, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა, რომ მართლა დააფინანსებდა ვინმე ჩემს იდეას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აგრო-ტექნოლოგიების ასოციაციის (ATA) მიერ ჩატარებული ტრენინგები, რომელთაგან მიღებული ცოდნაც შემდგომში ძალიან დამეხმარა პროექტის დაწერაში. ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი. თუ რაიმეთი ოდესმე ვყოფილვარ კმაყოფილი, ეს აღნიშნული პროექტია, რადგან ჩემს მოლოდინებს გაცილებით გადააჭარბა“.

შუდირა დავითაშვილი გვიხსნის, რომ მისი პროექტის ფარგლებში წარმოებული სპეც-ტანსაცმლის, სკების ჩარჩოებისა და თვითონ სკების უპირატესობა მაღალ ხარისხში, მისაღებ ფასსა და რაც მთავარია, ადგილზე მიტანის სერვისში იქნება. აქამდე, თაფლის პროდუქტების ინტერნეტით გაყიდვაში შუდირა პაპას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ, შესაბამისად, გარკვეული გამოცდილებაც დაუგროვდათ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ მეფუტკრის ინვენტარის გაყიდვასაც კარგად გაართმევენ თავს:

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა შესაძლებლობა მომცა არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები ჩამერთო საქმეში, არამედ დამატებით სხვა ადამიანებიც დამესაქმებინა. საკერავ მანქანაზე ჩემი შვილი, ნანა იმუშავებს, ხის გადამამუშავებელ ხელსაწყოებზე კი – მე. ამგვარად, ორივე ჩვენგანი კიდევ თითო-თითო ადამიანის დასაქმებას შევძლებთ. პროდუქტს გავყიდით ინტერნეტითა და ადგილზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სკებს მაღაზიებში ჩავიტანთ, როგორც მუნიციპალიტეტში და რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

საუბრის დასასრულს, ნანას შეკერილ მეფუტკრის კომბინიზონს იცვამს და სკების დასათვალირებლად მივყავართ. გზაში გვეუბნება, რომ ძალიან უნდა ყველა იმ ადამიანს გადაუხადოს პირადად მადლობა, ვინც მისი პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. ამბობს, რომ როგორც RDFG-ისა და ENPARD პროგრამის მხრიდან, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსგან, მუდმივად ყურადღების ცენტრშია; ბედნიერია, რომ თავისი წარმოების პროდუქტი ხშირად გააქვს სოფლის განვითარების გამოფენებზე.

გზისპირას მდებარე პატარა ნაკვეთს ვუახლოვდებით, სადაც 50-მდეა სკაა განლაგებული. ერთ-ერთს თავს ხდის და თაფლის წარმოების პროცესს დეტალურად გვიხსნის. შეკითხვაზე რა არის მისი ოცნება, შუდირა პაპას ეღიმება და თავის სამომავლო გეგმებს დიდი ენთუზიაზმით გვიზიარებს:

„პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენ მიერ წარმოებული თაფლი გასაყიდად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ. თუმცა, მთავარი, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობ, აგროტურიზმია. ჩვენი სახლის ეზოში კოტეჯების გაკეთება გვინდა, სადაც ტურისტებს ვუმასპინძლებთ. თაფლს რომ ამოვიღებთ, სპეციალურ დანადგარებში შევინახავთ. ტურისტებს გავაცნობთ თაფლის წარმოების პროცესს, ვაჩვენებთ როგორ ვწურავთ თაფლს და ცხადია, დავაგემოვნებინებთ კიდეც. ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება. მთავარია ეს პროექტი ვინმესთვის საინტერესო აღმოჩნდეს და აუცილებლად შევძლებთ მის განხორციელებას“.

შუდირა დავითაშვილის პროექტი, რომელსაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში RDFG ახორციელებს, მიზნად ისახავს თაფლის წარმოებისთვის სპეციალური აღჭურვილობის დამზადებასა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებას.  პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარს გადაეცა საკერავი მანქანები და ხის გადამამუშავებელი ხელსაწყოები. პროექტის ჯამური ღირებულება 10,545.65 ლარია, საიდანაც ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 1,348.93 ლარი შეადგინა.

ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულა სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა წვლილმა შეადგენა). შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსალეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge