„ტკეპნილი მიწის არქიტექტურა“ ღვინის მარნის ასაშენებლად – „ალექსანდერ დისტილერის“ ახალი ნაბიჯი წარმატებისკენ

„ტკეპნილი მიწის არქიტექტურა“ – ეს არის მშენებლობის უნიკალური მეთოდი, რომლის მეშვეობითად ქვიშიანი ნარევი მყარ მასალად იქცევა და რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა. სწორედ ამ მეთოდით შენდება ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ბენეფიციარის, „ალექსანდერ დისტილერის“ ახალი მარანი და ამავე მეთოდის გამოყენება იგეგმება თბილისში გერმანიის საელჩოს ახალი შენობის ასაშენებლადაც. საბოლოოდ, “ალექსანდერ დისტილერის” მარანი და გერმანიის საელჩო იქნება პირველი ორი შენობა საქართველოში, რომელიც აღნიშნული უნიკალური მეთოდით იქნება აშენებული.

2019 წლის 31 ივლისს, „ტკეპნილი მიწის არქიტექტურის“ აღმაღორძინებლის, მსოფლიოში   ცნობილი ავსტრიელი არქიტექტორის, მარტინ რაუხის მარჯვენა ხელი, თომას პიონემანი, რომელიც ამჟამად გერმანიის საელჩოს შენობის სამშენებლო პროცესს ჩაუდგა სათავეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია და „ალექსანდერ დისტილერის“ მარნის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მას ქართველი კოლეგა, ტერა კავკასიის დამფუძნებელი, გივი ჯაყელი ახლდა თან, რომელმაც უცხოელ კოლეგას მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. სწორედ გივი ჯაყელი უძრვება „ალექსანდერ დისტილერის“ მარნის მშენებლობას. თეთრიწყაროში სტუმრობისას, თომას პიონემანმა ქართველ კოლეგებს პრაქტიკული რჩევები მისცა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ალექსეევკას მიწის ლაბორატორიული კვლევების თანახმად, მისი ნიადაგი შესაბამისობაშია „ტკეპნილი მიწის არქიტექტურისათვის“ საჭირო დადგენილ ნორმებთან.

„ტკეპნილი მიწის არქიტექტურა“ არის საძირკვლის, იატაკის და კედლების მშენებლობის ტექნიკა, რომლისთვისაც გამოიყენება ისეთი ნედლი მასალა, როგორიცაა მიწა, ცარცი, კირი ან ქვიშა და წყალი, რომელსაც კუმშავენ და აშრობენ. ეს არის უძველესი მეთოდი, რომელიც ბოლო პერიოდში აღორძინდა, როგორც მდგრადი სამშენებლო მასალა ბუნებრივი მშენებლობის ტექნიკაში. ეს არის მეთოდი, რომელიც ეკოლოგიური საფრთხის რისკებს ამცირებს და სწორედ ამიტომ, სულ უფრო და უფრო პოპულარლი ხდება მსოფლიოში. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს თბოიზოლაციასა და ანტიბაქტერიულობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ნაგებობისთვის, როგორიც მარანია. აღსანიშნავია, რომ ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე ღვინის წარმოება „ალექსანდერ დისტილერისთვის“ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომლის მოგვარებასაც სწორედ ეს ტექნოლოგია უწყობს ხელს.

სოფლის განვითარების პროექტი „ალექსანდერ დისტილერი“ ვისკის ქვევრში აწარმოებს, ასევე, აერთიანებს რამდენიმე სახეობის ღვინის, შარბათისა და ჭაჭის წარმოებას. პროექტს ახორციელებს RDFG ევროკავშირის მიერ დაფიანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.