სამკერვალო სალონი გორში

უკვე ოთხი თვეა რაც ქალაქ გორში პირველი სამკერვალო სალონი „ლიდერი“ გაიხსნა. სალონში შესვლისას თანამშრომლები ისეთი თბილი და მეგობრული ღიმილით გეგებებიან, რომ მაშინვე მიხვდებით, ყველას უხარია იქ მუშაობა. შორენა ბასიშვილი ერთ-ერთია, ვისთვისაც უკანასკენლი 4 თვის განმავლობაში სამკერვალო სალონი მეორე სახლად იქცა. შორენა 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირია და ოჯახთან ერთად კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. იმისათვის, რომ საყვარელი საქმე აკეთოს და თან საკუთარი შემოსავალიც ჰქონდეს, ყოველ დღე კარალეთიდან გორში დადის. სამკერვალოში მუშაობის დაწყებამდე,  შორენა სწორედ იმ პროექტის ბენეფიციარი იყო, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სამკერვალო სალონი დაფინანსდა და გაიხსნა.

პროექტი LIFE Georgia ორი წლის განმავლობაში სამეგრელოსა და შიდა ქართლში  მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ამ მიზნით, პროექტის ერთ-ერთი გამნახორციელებელი ორგანიზაცია „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) სხვადასხვა მცირე და საშუალო მოცულობის  ბიზნეს იდეას აფინანსებდა. ნინო გიორგაძემ, რომელიც ამჟამად აღნიშნული სამკერვალო სალონის დირექტორია, LIFE Georgia-ს შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიტყო და მაშინვე გადაწყვიტა, რომ პროექტში მიეღო მონაწილეობა. როგორც ნინო ამბობს, სამკერვალო სალონის შექმნის იდეა ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე გაუჩნდა, რადგან გორში სამკერვალო სალონი არ არსებობდა, მზა ტანსაცმელი კი საკმაოდ ძვირი ღირდა. მას შემდეგ რაც მონაწილეებისთვის ორგანიზებული ტრენინგები გაიარა და ბიზნეს გეგმაც წარადგინა, ნინომ RDFG-სგან გრანტი მიიღო, რაც სალონის გასახსნელად საჭირო თანხის ნახევარს შეადგენდა. მისივე თქმით,  RDFG-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება შემდგომ სხვა კონკურსშიც გამოიყენა და წარმატებას მიაღწია.

სამკერვალო  სალონში 6 ქალბატონი დასაქმდა, რომლებმაც გადამზადება ადგილზევე, ყოველგვარი საფასურის გარეშე გაიარეს. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა შორის არიან მრავალშვილიანი დედა, სოციალურად დაუცველი პირი, ასევე საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებელი ქალბატონი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე გოგონა. განსაკუთრებული საჭიროების მქონდე ადამიანების დასაქმება, ნინოს თქმით, მისი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. „შშმ პირებისთვის ჩვენი კარი დღესაც ღიაა და თუკი ვინმეს აქვს სურვილი დასაქმდეს ჩვენს სალონში, ადგილზევე შევასწავლით ყველაფერს და დავასაქმებთ. შენობა და სველი წერტილი არის სრულიად ადაპტირებული ყველანაირი სტანდარტის დაცვით. გადავაკეთეთ საკერავი მანქანაც და მოვარგეთ შშმ თანამშრომლის საჭიროებებს“ – ამბობს ნინო.

სამკერვალო სალონის პარალელურად იმავე შენობაში ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსებიც ტარდება. სამკერვალო საქმიანობით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს, მიიღოს სერთიფიკატი და შემდგომ დასაქმდეს.

ყოველდღიურად სამკერვალო სალონს უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ნინო მიიჩნევს, რომ მისი ბიზნესი წარმატებით ვითარდება, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ RDFG-ს მიუძღვის.  „იმისათვის რომ ბიზნესი დაიწყო იდეის გარდა დიდი ინვესტიციაა საჭირო. დაუჯერებელი იყო ჩემთვის, რომ ვინმე შეიძლებოდა უანგაროდ დამხმარებოდა ბიზნესის წამოწყებაში, რათა ჩემივე ცხოვრება შემეცვალა უკეთესობისკენ.  რომ არა პროექტი LIFE Georgia,  ამ ბიზნეს იდეას წლების განმავლობაში ვერ განვახორციელებდი. ის რომ დღეს გორში სამკერვალო სალონი არსებობს და არაერთი ადამიანია დასაქმებული, RDFG-ს დამსახურებაა“.