კახა გელაშვილი წლებია, რაც დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ რკინის საამქროში ატარებს. რკინაზე მუშაობა ბავშვობაში მამამ ასწავლა და მას შემდეგ ამ საქმით არის გატაცებული. პროფესიით მშენებელია, თუმცა შემოსავლის წყაროდ სწორედ ეს ხელობა  აქცია. რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და საამქროსაც იქ ამუშავებდა, თუმცა სოფელში გაზრდილს ქალაქთან შეგუება გაუჭირდა და გადაწყვიტა მშობლიურ მხარეს დაბრუნებოდა. ამჟამად დედასთან, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად  თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ახალსოფელში  ცხოვრობს და  რკინის საამქროში აგრძელებს მუშაობას.  კახას საკუთარი ნაკეთობების უზარმაზარი კატალოგი აქვს. შეუძლია ნებისმიერი რკინის ნაკეთობის დამზადება, თუმა უმეტესაც ღობეებზე, ჟალუზებსა და კარებზე მუშაობს.

მას შემდეგ რაც პროექტ LIFE Georgia-ს საინფორმაციო კამპანია დაიწყო, ინფორმაციამ კახას ყურამდეც მიაღწია. პროექტი სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. კახამ პროექტში ჩართვა გადაწყვიტა, გაიარა ტრენინგები და წარმატებასაც მიაღწია. პროექტის ფარგლებში კახას რკინის საამქროს აღჭურვილობა გადაეცა. შემდუღებელი აპარატის, რკინის დიდი ხერხისა და სხვადასხვა წვრილმანი ინსტრუმენტების დამხარებით კახა უფრო მოკლე დროში უკეთესი ხარისხის ნაკეთობებს ამზადებს.

„RDFG-სგან მიღებული გრანტის საშუალებით საქმე ბევრად გამიმარტივდა. შესაძლებლობა მომეცა უფრო სწრაფად და ხარისხიანად დავამზადო ნებისმიერი სახის რკინის ნაკეთობა, რაც შემოსავალზეც აისახა. აქამდე ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა ხელსაწყოს თხოვება, თუმცა დღესდღეობით ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ შემკვეთებს სრულფასოვნად მოვემსახურო“ – ამბობს კახა და აღნიშნავს, რომ რომ არა აღნიშნული პროექტი, ასეთი ხარისხის ხელსაწყოების ყიდვას ვერასოდეს მოახერხებდა.

იმისათვის რომ რკინის საამქრო იპოვნოთ ახალსოფელში კახა უნდა იკითხოთ და გზას ნებისმიერი მაცხოვრებელი მიგასწავლით. კმაყოფილი კლიენტებისა და უკვე გაბმული კონტაქტების წყალობით საამქროს შეკვეთები არ აკლია, თუმცა სამომავლოდ კახა საამქროსთვის სახელის დარქმევას და  რეკლამის გაკეთებასაც გეგმავს. აპირებს, რომ შესასვლელთან დიდი ბანერი გამოფინოს, რომელზეც აუცილბელად დაიტანს RDFG-ს ლოგოს და აღნიშნავს, თუ რამხელა წვლილი შეიტანა ორგანიზაციამ მისი საამქროს წარმატებაში.  თუკი მისი საქმიანობა წარმატებით გააგრძელებს წინასვლას კახა  სამომავლოდ ფინანსების მოძიებას, ახალი დაზგა-დანადგარების შეძენასა და საამქროს გაფართოებას გეგმავს. იმედი აქვს, რომ მომავალში მის შვილებიც ამ საქმეს გააგრძელებენ. სიხარულით ასწავლის ბიჭებს ყველაფერს, რაც თავადაც მამისაგან ისწავლა.