ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) დასაქმების პროგრამას მესამე წელია ახორციელებს. პროექტის 4 წარმატებული ფაზის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, თუმცა, გარდა დასაქმებისა, მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ  პროგრამამ უამრავი მათგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კარიერის დაგეგმვასთან ერთად, პროექტი მონაწილეებს პიროვნულ ზრდაშიც ეხმარება.

ანა (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) დასაქმების პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომელსაც პროგრამა საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა. სამედიცინო კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა, მომავალმა მეუღლემ მოიტაცა და მისი ბედი სულ სხვანაირად დატრიალდა. 11 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ანა მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის არაერთ ფაქტს იხსენებს.  მას შემდეგ, რაც განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო და მშობლების სახლში დაბრუნდა, ყოფილმა მეუღლემ სახეზე ჭრილობა მიაყენა. პოსტ-ტრავმული დეპრესია ნახევარ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ანა სახლში ჩაიკეტა და ერთადერთი ადგილი სადაც დადიოდა, ჰოსპიტალი იყო. კითხულობდა, წერდა ლექსებს, თუმცა, საზოგადოებაში გამოჩენას ერიდებოდა. პირველი ნაბიჯი მაშინ გადადგა, როდესაც საბუთები ერთ-ერთ კოლეჯში შეიტანა, რათა ოფის-მენეჯმენტის კურსები გაევლო. სწორედ კოლეჯში გაიგო RDFG-ს დასაქმების პროგრამის შესახებ და განცხადების შემოტანის შედეგად მონაწილეთა სიაშიც მოხვდა. ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო, რომელიც სხვა მონაწილეებსაც კი უმაღლებდა მოტივაციას. პროექტის დაწყებიდან ძალიან მალე ანა დასაქმდა. გორის ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა, ერთ თვეში კი ადმინისტრატორის პოზიციაზე დააწინაურეს.

„გარდა დასაქმებისა, პროგრამამ ძალიან ბევრი რამ შემძინა. შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობიდან გამოსვლაში სწორედ ეს პროგრამა და მასში ჩართული ადამიანები დამეხმარნენ. პროექტის მენტორმა ლელა მაისურაძემ დამანახა, რომ თუკი მოვინდომებდი უამრავი საქმის გაკეთებას შევძლებდი,  დამეხმარა შიშის დაძლევასა და საკუთარი თავის რეალიზებაში. მალევე მივხვდი, რომ არ მქონდა უფლება უქმად ვმჯდარიყავი, როდესაც გარშემო ამდენი შესაძლებლობა იყო და მას შემდეგ ვცდილობ, აქტიური ცხოვრების რიტმიდან არასოდეს ამოვვარდე“  – ამბობს ანა.

ანამ კოლეჯიც და დასაქმების პროგრამაც წარმატებით დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის დაწყებიდან მალევე დასაქმდა, სამი თვის განმავლობაში სესიებს მაინც ესწრებოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიეღო. პროგრამის ერთგული მომდევნო ფაზებშიც დარჩა, მონაწილეებისთვის პრეზენტაციებს ამზადებდა და ცდილობდა საკუთარი მაგალითით მათთვის ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია.

„გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ადამიანმა გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ნებით უნდა მიიღოს. არავის აქვს სხვაზე მორალური და ფიზიკური ძალადობის უფლება, ამას არც ერთი ქალი არ უნდა ითმენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, მაინც მოვახერხე ფეხზე დადგომა და ცხოვრების უკეთესობისკენ შემობრუნება“. – ამბობს ანა.

RDFG-სა და ანას მეგობრობა დღემდე გრძელდება. ჩვენს ახალ პროექტში, რომელიც უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული კომპიუტერული პროგრამების სწავლებას ითვალისწინებს, ის მოხალისედ ჩაერთო.

ამჟამად ანა კვლავ სუპერმარკეტში მუშაობს, თუმცა, ერთ ადგილზე გაჩერებას არ აპირებს და განვითარებასა და წინსვლაზე მუდმივად ზრუნავს. ოცნებობს რომ ზღვისპირა ქალაქში საკუთარი საკონდიტრო გახსნას, ხედით ზღვაზე, ლამაზი პატარა მაგიდებითა და ვარდისფერი გადასაფარებლებით… ჩვენი გუნდი ანას უსურვებს, რომ მისი ოცნება მიზნად, მიზანი კი რეალობად იქცეს და სულ მალე მისი ლამაზი საკონდიტროს სტუმრები გავხდეთ.