თბილისიდან 57 კილომეტრის დაშორებით, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, რომელიც უძველესი კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით გამოირჩევა. 90 სოფლიგან შემდგარ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა, თუმცა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, კვალიფიციური კადრების, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და გასაღებ ბაზარზე ხელმისაწვდომობის სიმცირისა და სხვა მრავალი ხელის შემშლელი ფაქტორის გამო, ამ დარგის განვითარება არ ხდებოდა, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ისტორიული ძეგლების სიმრავლე თუ კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ მხარეს, თუმცა უამრავი ბარიერის გამო, არც ტურიზმის განვითარების პოტენციალია ათვისებული. რეგიონში არსებული შესაძლებლობების სიმცირის გამო, ქალაქად მიგრანტთა რაოდენობაც სულ უფრო იზრდება და მოსახლეობაც კლებას განიცდის. მშობლიურ მხარეს განსაკუთრებით ახალგაზრდები ტოვებენ, რომლებიც განვითარების პერსპექტივას საკუთარ რეგიონში ვეღარ პოულობენ.

21 წლის ლევანი, რომელიც თეთრიწყაროში დაიბადა და გაიზარდა, სწორედ ამ პრობლემებს გამოყოფს და გული სწყდება, რომ მისი რეგიონი თავის პოტენციალს ვერ იყენებს, თუმცა RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტზე, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, დიდი იმედებს ამყარებს და თავადაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე დასაქმების პროგრამის აქტიური მონაწილეა.

ლევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს და სწავლიდან გამომდინარე ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა მთელი მისი ბავშვობა თეთრიწყაროში გაატარა და ამ მხარესთან ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში მუნიციპალიტეტში ახალი არაფერი იქმნებოდა და სკოლის გარეთაც ახალგაზრდებს განვითარების არანაირი შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. დაახლოებით მე-10 კლასში იყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობა და ახალგაზრდებს ტრენინგებში, საჯარო ლექციებსა თუ ბანაკებში მონაწილეობის შესაძლებლობები გაუჩნდათ. პირველი პროექტიც სწორედ ამ დროს დაწერა და გრანტიც მოიპოვა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას მოხმარდა. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ურნები დადგეს, გამგეობის დახმარებით ნარჩენების გასატანად სპეციალური მანქანაც გამოყვეს და პარკებში სარეკრეაციო ზონებიც მოაწყვეს.

ბავშვობა, სტუდენტობა და წარმატებული კარიერა, ასე წარმოედგინა ლევანს მისი ცხოვრება, თუმცა სტუდენტობის პერიოდში გარკვეულ სიძნელეებსაც შეხვდა  და მიუხედავად მისი აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრების სტილისა, საკუთარ თავში ის სისუსტეები აღმოაჩინა, რაც მის განვითარებას უშლიდა ხელს. პირველი სირთულე მისთვის თბილისში გადასვლის შემდგომ დაიწყო, როდესაც ახალ გარემოსთან ადაპტაცია დასჭირდა. ჩვეული ცხოვრებიდან თბილისურ ცხოვრებაზე გადმოვიდა და ყველაფრის მარტო კეთებასაც ნელ-ნელა შეეგუა, თუმცა ფიქრობს, რომ შეგუების პროცესში იმდენად პასიური გახდა, რომ ხელიდან ბევრი შესაძლებლობა გაუშვა. რამდენიმე თვეში ამ სიძნელეებმაც ჩაიარა და სტუდენტურ ცხოვრებაშიც აქტიურად ჩაება. უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, მოხალისეობდა, კონფერენციებში და სტუდენტურ ბანაკებშიც ხშირად იღებდა მონაწილეობას, რამაც მის პიროვნულ განვითარებას შეუწყო ხელი. თუმცა, კიდევ ერთი სიძნელე, რასაც სტუდენტობის პერიოდში შეხვდა, საკუთარი თავის რწმენის არქონა იყო, რამაც RDFG_ის დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა გადააწყვეტინა.

„თქვენს პროექტში მოსვლამდე არ მქონდა საკუთარი თავის იმედი. როცა ახალი შესაძლებლობები გაჩნდებოდა, სტაჟირებების გავლის თუ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის, სულ ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ არ ვარ ჯერ ასეთი სიახლეებისთვის მზად და მეგონა, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა. ამ ყოყმანში დავკარგე ორი წელი და იმდენი რამ გავუშვი ხელიდან, რომ ახლა, რომ ვუფიქრებდი, ვხვდები, რამდენი გამოცდილება შეიძლებოდა დამეგროვებინა. შესაძლოა, კონკურენციისაც მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ ჩემზე უკეთესი ბევრი იქნებოდა. თქვენმა პროექტმა დამანახა, რომ ბევრი რამის კეთებაც შემიძლია და არც მარცხის შიშს უნდა მივცე უფლება, წარამტების მიღწევაში შემიშალოს ხელი.“

დასაქმების პროგრამის შესახებ პირველად RDFG-ის Facebook გვერდიდან შეიტყო, თუმცა, რადგან იმ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა, იფიქრა, რომ თეთრიწყაროში სიარულს ვეღარ შეძლებდა და ცოტა ხანში მიავიწყდა კიდეც. პროგრამის შესახებ შემდგომ მეგობარმა უამბო და მონაწილეობაც ურჩია. ამის შემდეგ ლევანმა გადაწყვიტა ბედი ეცადა და სულ მალე მონაწილეთა შორისაც აღმოჩნდა.

„როცა მკითხეს, რატომ მინდოდა პროგრამაში მონაწილეობა, ვუთხარი, რომ მინდოდა უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი, საკუთარი თავის რწმენა მქონოდა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა მესწავლა, რაც ამ პროექტმა მომცა კიდეც. დასაქმების პროგრამა ჩემთვის იმ ერთ-ერთ შესაძლებლობათაგანი იყო, რომლებიც ცხოვრებაში გვეძლევა და მიხარია, რომ ამჯერად ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი.“

დასაქმების პროექტში მონაწილეობისას სურვილი გაუჩნდა თავი გამოეცადა და რამდენიმე პროგრამაში მონაწილეობაზეც შეიტანა განაცხადი. წარმატებით გადალახულმა გასაუბრებებმა საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერეულობა შემატა და მიახვედრა, რომ თუ რაიმე შესაძლებლობა გეძლევა, არასდროს უნდა მისცე შიშს იმის უფლება, რომ მისი გამოყენების შანსი დაგაკარგვინოს.

მას შემდეგ მოხალისედაც მუშაობდა RDFG-ის ერთ-ერთ პროექტში და ბავშვებთან მუშაობის კარგი გამოცდილებაც მიიღო. შაუმიანის საჯარო სკოლაში RDFG-ის გუნდთან ერთად ბავშვებს პროექტების წერას ასწავლიდა და რამდენიმე პროექტისთვის დაფინანსებაც მოიპოვეს, რაც თემში არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდა. ამჟამად თავად არის არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავალ იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძვნებელი. ორგანიზაციის ფარგლებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის  იმიტირებულ პროცესებს, საჯარო ლექციებს და ტრენინგებს აწყობენ, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ის და მისი გუნდი ცდილობს სწავლის დასრულებამდე თავის პროფესიაში, რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვოს. რამდენიმე დღის წინ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების პროგრამაზე შეარჩიეს და სულ მალე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დაიწყებს მუშაობას.

ლევანი ამბობს, რომ RDFG_ის დასაქმების პროგრამაში მონაწილეობამ მთლიანად შეცვალა მისი დამოკიდებულებები და მიდგომა, პირველ რიგში, საკუთარი თავის და შემდეგ სხვა საკითხების მიმართ. გაათავისუფლა საკუთარი თავისადმი ზედმეტი კრიტიკისგან, რაც ასე ზღუდავდა და აბრკოლებდა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და საკუთარი ძლიერი მხარეების დანახვაშიც დაეხმარა.

როდესაც მომავალზე საუბრობს, პირველ რიგში, საკუთარ გეგმებს თავის პროფესიას უკავშირებს და სურს, წარმატებული იურსიტი გახდეს. ამბობს, რომ ამისთვის ძალებს არ დაზოგავს და სწავლას და განვითარებას არასდროს შეწყვეტს. ამას გარდა, საკუთარი რაიონის მიტოვებას არ აპირებს და ფიქრობს, რომ მაქსიმუმს გააკეთებს საკუთარი თემის განვითარებისთვის.

„როდესაც თბილისში გადავედი და ნოსტალგია გამიჩნდა ჩემი რაიონის მიმართ, სადაც გავიზარდე და რომელთანაც მთელი ჩემი მოგონებები მაკავშირებდა, მაშინ მივხვდი რამდენად დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში ჩემს მშობლიურ მხარეს და პირველად მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ, როდესაც მივაღწევდი იმ წარმატებას, რისთვისაც ასე ვშრომობდი, ჩემს წვლილს აუცილებლად შევიტანდი ჩემი რაიონის განვითარებაში.“

განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით სურს მუშაობა და ახალგაზრდებთან მუშაობის საკმაო გამოცდილებაც დააგროვა. სურს მის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, განვითარების ის შესაძლებლობები შეუქმნას, რაც მას აკლდა. გეგმავს, რომ თავის რეგიონში ისეთი პროექტები განახორციელოს, რაც არაფორმალური განათლების გამოყენებით ახალაგზრდებს განვითარებაში დაეხმარება და საკუთარი თავისადმი რწმენას შემატებს.

„15 წლის ვიყავი, პირველად პროექტი რომ განვახორციელე და მაშინ მივხვდი, რომ თურმე მეც შემიძლია საკუთარი თემისთვის რაღაც კარგის გაკეთება და ბავშვი, რომელიც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებს ფიქრს იმაზე, რომ ბევრი რამის შეცვლის შესაძლებლობა აქვს, თუ მოინდომებს, მოტივაციაც გაუჩნდება, უფრო აქტიურიც გახდება და თავადვე ეცდება საკუთარი რაიონი ისეთად აქციოს, როგორიც მას სურს, რომ იყოს.“

როცა საკუთარ თავს ახასიათებს ამბობს, რომ შრომისმოყვარე და მაქსიმალისტია და საქმისადმი ერთგულება არასდროს აძლევს უფლებას, რომ ბოლომდე არ დაიხარჯოს მიზნის მისაღწევად. თვლის, რომ ბუნებით ლიდერია, თუმცა გუნდური მუშაობაც უყვარს და ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში ახერხებს დაძაბულობის განმუხტვას და გუნდის წევრებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნას და ეს ის თვისებებია, რაც მას საკუთარი გეგმების განხორციელებაში ეხმარება.

ლევანი განვითარებისა და დასაქმების ახალი და საინტერესო შესაძლებლობებისთვის მზად არის და RDFG-ის გუნდი დიდი წარმატებას უსურვებს მას და დარწმუნებულია, რომ მას დიდი პროფესიული წარმატებაც ელის წინ და საკუთარი თემისთვისაც კიდევ ბევრი კარგი საქმის გააკეთებას შეძლებს.