თუ გორში ავტომობილი გაგიფუჭდებათ, ნუ იღელვებთ. შეგიძლიათ შინდისის გზატკეცილზე მდებარე ავტოსახელოსნოს მიამრთოთ. სახელოსნოში თითქმის ყველანაირ მომსახურებას მიიღებთ, ვულკანიზაციიდან დაწყებული, ავტოსამრეცხაოთი დამთავრებული, თუმცა თუკი თქვენს მანქანას სავალი ნაწილების შეკეთაბა დასჭირდება, საუკეთესო მომსახურებას ლევან ბურნაძე გაგიწევთ. ლევანი სიამაყით შეგიძღვებათ თავის პატარა პროფილაქტიკაში, სადაც  ოთხტონიანი ელქეტრო ამწისა და უახლესი ხელსაწყოების დახმარებით, თქვენს ავტომობილს უმოკლეს დროში გამართავს.

ლევან ბურნაძემ საცხოვრებელი ადგილი იძულებით ორჯერ გამოიცვალა. 90-იან წლებში სამოქალაქო ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ბერბუკის დევნილთა დასახლებაში აღმოჩნდა. იმისათვის რომ ცოლ-შვილი ერჩინა თავიდან მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა პროფილაქტიკაში მუშაობა ეცადა.  მანქანის შეკეთებისთვის ხელსაწყოების თხოვება ხშირად მეზობელი სახელოსნოებიდან უხდებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ სიტუაცია შეიცვალა და ახლა მისგან თხოულობენ მეზობლები ხელსაწყოებს. ლევანს LIFE Georgia-ს გრანტის ფარგლებში ხელსაწყოების ნაკრები და ოთხტონიანი ელექტრო ამწე გადაეცა.

პროექტი LIFE Georgia ორი წლის განმავლობაში სამეგრელოსა და შიდა ქართლში  მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ამ მიზნით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსვის (RDFG) მცირე და საშუალო ბიზნეს ინიციატივებისთვის გრანტებს გასცემდა. საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ბერბუკის დასახლებაში გავრცელდა. ლევანმა გადაწყვიტა ბედი ეცადა, თუმცა მისი მეგობრები და კოლეგები ამ ყველაფერს პესიმისტურად შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, ლევანს რწმენა არ დაუკარგავს და სასურველ შედეგსაც მიაღწია .

„მიუხედავად გარშემომყოფების პესიმიზმისა, ბოლომდე მჯეროდა, რომ პროექტში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო  წარმატების მიღწევა და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებდი, აუცილებლად გავიმარჯვებდი. ასეც მოხდა და შედეგად უფრო კონკურენტუნარიანი გავხდი. პროფილაქტიკაში ერთადერთი ვარ, ვისაც ოთხტონიანი ამწე და თანამედროვე ხელსაწყოები აქვს და შესაბამისად  კლიენტებიც ხშირად ჩემთან თანამშრომლობას ამჯობიენებენ“

საბოლოო ჯამში ორივე მხარე მოგებული რჩება, კლიენტიც, რომელსაც შეუძლია უფრო მოკლე დროში გაუმჯობესებული ტექნიკური მომსახურება მიიღოს და ლევანიც, რომელსაც მეტი კლიენტი ჰყავს და შესაბამისად შემოსავალიც მეტი აქვს. RDFG-ს გრანტის შედეგად ავტოსახელოსნოს შემოსავალი თითქმის სამჯერ გაიზარდა და  შესაბამისად ლევანის ოჯახის საარსებო პირობებიც გაუმჯობესდა.

„არიან პროფილაქტიკაში ადამიანები, რომლებიც 10 წელია მუშაობენ, მაგრამ არც ამწე აქვთ და არც ასეთი ხელსაწყოები. ასეთი ტექნიკა საკმაოდ ძვირია, სახელოსნოს მთლიანი შემოსავალი კი მხოლოდ ოჯახის სარჩენად და თავის გამოსაკვებად არის საკმარისი. რომ არა ეს პროექტი და RDFG, ალბათ ასეთ ტექნიკას მეც ვერასოდეს ვიყიდდი და ისევ გაჭირვებაში მომიწევდა ცხოვრება“ – ამბობს ლევანი

ერთ დროს პესიმისტურად განწყობილი მეგობრები და კოლეგები დღეს საგრანტო კონკურსებს თავადაც ელოდებიან. ლევანის გამარჯვება მათთვის სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.  ლევანი კი აგრძელებს მუშაბას თავის განახლებულ სახელოსნოში და მადლობას უხდის RDFG-ს, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.