17 ახალგაზრდა ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ადგილობრივ დისტანციურ ტრენინგებში ჩაერთო

ზუგდიდი, 2020 წლის 13-15 ივნისი – USAID-ის ზრდა პროექტის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა დასკვნით ეტაპზე გადავიდა – პროგრამის მესამე ფაზით გათვალისწინებული ადგილობრივი ტრენინგები ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ სერტიფიცირებულმა ტრენერებმა დისტანციურად ჩაატარეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3-დღიანი აქტიური სამუშაო პროცესის დასასრულს, 17-დან 14-მა ახალგაზრდამ საკონკურსო განაცხადი შეავსო და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას ელოდება.

თამარ თოდუა RDFG-ის მიერ სერტიფიცირებული ტრენერია, რომელიც ხნესებულ ტრენინგების ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უძღვებოდა. თავდაპირველად შიშობდა, რომ დისტანციური რეჟიმის გამო, ახალგაზრდებთან ინტერაქცია ვერ შედგებოდა და ისინი ისე აქტიურად ვერ ჩაეთვებოდნენ სამუშაო პროცესში, როგორც ეს წინა ორი ფაზის დროს მოხდა:

„ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდების ნაწილისთვის ამგვარი მუშაობის მოდელი უცხო იქნებოდა, ამიტომ ერთი დღით ადრე საორიენტაციო შეხვედრა დავგეგმე, რათა ახალგაზრდებისთვის ZOOM-ის პლატფორმის გამოყენება მესწავლებინა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მათ უმეტესობას აღნიშნული პლატფორმა არასდროს გამოეყენებინა. კარგი ის იყო, რომ მონაწილეების უმეტესობა საკუთარი იდეით იყო მოსული. თუმცა, ტენინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის შედეგად, ბევრმა მათგანმა თავის იდეას სხვა მიმართულება მისცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებმა ჩარჩოებს მიღმა დაიწყეს აზროვნება, რადგან უამრავი ინოვაციური და ერთმანეთისგან განსხვავებული იდეა იყო წარმოდგენილი“.

პროექტით გათვალისწინებულ 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში ადგილობრივი სამეწარმეო ტრენინგები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა სამეწარმეო იდეები შემდეგი მიმართულებებით წარმოადგინეს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. წარმოდგენილი საკონკურსო იდეების განხილვის შემდეგ, 15 საუკეთესო საპროექტო წინადადების ავტორი ან ავტორთა გუნდი მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. პროგრამის მეორე ფაზის საბოლოო ეტაპზე, საგრანტო კომისია გამოავლენს მინიმუმ 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხებით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.

პროგრამის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG
nkopaleishvili@rdfg.ge

რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, RDFG
rjavelidze@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►