RDFG-ის თავმჯდომარე შეირჩა ცენტრალური აზიის რეგიონული მრჩეველთა ჯგუფის (RAG) წევრად და საქართველოში GNDR-ის კოორდინატორად

2020 წლის 10 ივნისი – გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი შეირჩა ცენტრალური აზიის რეგიონული მრჩეველთა ჯგუფის (RAG) და საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების სამოქალაქო ორგანიზაციების გლობალური ქსელის (GNDR) კოორდინატორად. GNDR წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების უმსხვილეს საერთაშორისო ქსელს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მუშაობს კატასტროფების შედეგად დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.

კატასტროფის რისკის შემცირების სამოქალაქო ორგანიზაციების გლობალური ქსელი  (GNDR) 2007 წლის მაისში, კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაზე, ქალაქ ჟენევაში შეიქმნა. ქსელი მიზნად ისახავს

სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას, მეტ ჩართულობასა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოწყვლადი ადამიანების თვითმედეგობის გაძლიერებას. ვანო გრიგოლაშვილი, როგორც ქსელის ადგილობრივი წარმომადგენელი, ეროვნულ დონეზე პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ სხვა წევრებთან კოორდინაციაზე და ეროვნული საქმიანობის GNDR-ისათვის  წარდგენაზე. RDFG-ის თავმჯდომარე, როგორც რეგიონული მრჩეველთა ჯგუფის ახალი წევრი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცენტრალურ აზიაში ახლადშექმნილი GNDR-ის გლობალური სტრატეგიის – ადგილობრივი ლიდერობა გლობალური გავლენისათვის (2020-2025) შუა აზიაში – კონტექსტუალიზაციის პროცესში. როგორც GNDR–ის მმართველობითი სტრუქტურის ნაწილი და მრჩეველთა რანგში მყოფნი, RAG–ის წევრები აქტიურად შეიტანენ წვლილს და გაავრცელებენ GNDR-ის გლობალური საბჭოს გადაწყვეტილებებს, ამ პროცესში საბჭო ასევე ანგარიშვალდებული იქნება მათ წინაშე.

ვანო გრიგოლაშვილს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა აშშ-ს, ევროპისა და კავკასიის მასშტაბით ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა: Save the Children International, World Vision International, Oxfam GB, AED და Regional Environmental Center for Caucasus. გარდა სხვა სახის ექსპერტობისა, ვანოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საგანგებო სიტუაციების მართვასა და კატასტროფის რისკის შემცირებაში; ასევე, ადამიანის უფლებებისა და მათი საარსებო წყაროების განვითარების ხელშეწყობაში.

2011 წელს ვანომ RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი დაარსა, რომელიც ამ დრომდე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს ადგილობრივი თემების მედეგობა ტექნოგენური და ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ; ასევე, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საზოგადოებას, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს, კოორდინირებული და სისტემური ცნობიერების ამაღლების, უნარების გამომუშავებისა და ტექნიკური დახმარების გზით, ხელს უწყობს კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით პრევენციული კულტურის განვითარებაში.

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი, RDFG-ის თავმჯდომარე; vgrigolashvili@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი, RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი; nkopaleishvili@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►