აშშ საქართველოსთვის COVID-19-ის საპასუხოდ დახმარებას აძლიერებს

USAID ზრდა პროექტის მხარდაჭერით, მის პარტნიორ ორგანიზაციასთან – RDFG არსებულმა DRR ცენტრმა საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის საველე ჰოსპიტალები შეიძინა.

თბილისი – 14 მაისი, 2020 – საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსებ ჭელიძეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს თეიმურაზ მღებრიშვილს, ამერიკელი ხალხის სახელით საველე ჰოსპიტალები გადასცა. აღნიშნული საველე ჰოსპიტალები მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დაძლევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჰოსპიტალების გადაცემის ცერემონია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა.

USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი – “ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) დაეხმარა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და შეუძინა საველე ჰოსპიტალები, რომელთა მოცულობა 45 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ასევე 20 კვადრატული მეტრის მოცულობის საველე კარვები, აღჭურვილი გათბობის სისტემით. პანდემიის პირობებში კარვები განთავსდება ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ საკარანტინე ზონებში, ხოლო კრიზისის აღმოფხვრისთანავე აღნიშნული კარვები გადაეცემა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების დანაყოფს.

საქართველოსთვის აღნიშნული კარვების გადაცემა აშშ-ს მთავრობის გლობალური მხარდაჭერისა და დახმარების ნაწილია, რომელიც ქვეყანას COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან ეფექტიანად ბრძოლაში დაეხმარება და თანამედროვე აღჭურვილობის ხარჯზე, საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო მზაობა გაუმჯობესდება.

“აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ამერიკელი ხალხის სახელით, შეძლო მხარდაჭერა გამოეხატა საქართველოს მთავრობისათვის COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გადავეცით ორი კარავი, რომელიც USAID-მა პარტნიორებთან ერთად შეიძინა და დაეხმარება საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რათა თავიდან აიცილოს საქართველოში ვირუსის გავრცელება. ცხადია, აღნიშნული მნივნელოვანია საქართველოს სწრაფი რეაგირებისთვის, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ასევე, დააბრუნოს ქვეყანა იმ ეკონომიკურ ნიშნუნლსა და სტაბილურ მდგომარეობაზე, რომელსაც USAID და ამერიკის მთავრობა მხარს უჭერენ დიდი ხნის განმავლობაში“, – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

„საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას მისი უწყვეტი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ COVID-19-ის ეპიდაფეთქების პერიოდში. აღნიშნული კარვების გადმოცემა კიდევ ერთი ნიშანია საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გაძლიერებისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მზადყოფნასა და რეაგირების შესაძლებლობებს, ასევე, წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის მოაქალაქეთა უსაფრთხოებაში“, – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

”მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ, რათა გადავცეთ საველე ჰოსპიტალები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, როგორც აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის კიდევ ერთი კომპონენტი COVID-19-ის კრიზის დროს.  ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორ ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს EMS-სთან არა მხოლოდ ამ საგანგებო სიტუაციაში, არამედ მუშაობს სამიზნე მუნიციპალიტეტებში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, – ბრაინ ქინგი, USAID ზრდა პროექტის ხელმძღვანელი.

“USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, რომლის კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტს RDFG ახორციელებს, ჩვენ ვზრდით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მზაობას საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შესამუშავებლად. მოცემული კრიზისის ფონზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოგვმართა თხოვნით – შესაბამისად, პროექტის ფარგლებში არსებული რესურსი, რომელიც მშვიდობიან დროს საველე სწავლებისთვის იყო განკუთვნილი, გამოვიყენეთ კარვების შესაძენად. ჩვენმა გუნდმა მოახერხა და საკმაოდ მოკლე პერიოდში შეძლო ამ პროდუქტის შესყიდვა და მისი საქართველოში ტრანპორტირება. მოხარულები ვართ, რომ ამ სიტუაციაში შევძელით ამგვარი გადაუდებელი აუცილებლობის დაკმაყოფილება“, – ვანო გრიგოლაშვილი, RDFG-ის DRR ცენტრის თავმდჯომარე.

დღემდე აშშ-ს მთავრობამ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა სამსახურების ჩართულობით, COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ჰუმანიტარული დახმარება განახორციელა. საქართველოში, აშშ-ს მთავრობამ ადგილობრივ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადეობასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მყისიერი ზომები მიიღო პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად, ასევე დიდი დახმარება გაუწია პოსტ-პანდემიური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მომზადების მიმართულებით.

RDFG, მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ფარგლებში, მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს ადგილობრივი თემების მედეგობა ტექნოგენური და ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ; ასევე, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საზოგადოებას, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს, კოორდინირებული და სისტემური ცნობიერების ამაღლების, უნარების გამომუშავებისა და ტექნიკური დახმარების გზით, ხელს უწყობს კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით პრევენციული კულტურის განვითარებაში. USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, ზემოხსნებული ცენტრი კატასტროფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – RDFG-ის თავმდჯომარე, vgrigolashvili@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი, nkopaleishvili@rdfg.ge