COVID-19-ის კრიზისზე სწრაფი რეაგირების მიზნით, RDFG და თეთრიწყაროს ლაგი საინფორმაციო კამპანიას ეთნიკური უმცირესობების ენებზე ახორციელებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, 30 აპრილი, 2020 – ახალი კორონავირუსის (COVID-19) კრიზისზე სწრაფი რეაგირების მიზნით, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მხარდაჭერით, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ENPARD თეთრიწყაროს პროექტი ელექტრონულ მოდელზე გადააწყო. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, თეთრიწყაროს ლაგის საერთო კრება (89 ადამიანი) არ წყვეტს პროექტის საგრანტო კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას – მიმდინარე კვირაში გეგმავს დისტანციურად განიხილოს და დაამტკიცოს მესამე საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები. ამასთან, თეთრიწყაროს LAG აქტიურად მუშაობს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაზე, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო პოსტერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ვრცელდება როგორც ელექტრონულად, ისე ადგილობრივად.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადებისთანავე, ENPARD თეთრიწყაროს უწყვეტ რეჟიმში განხორციელების მიზნით, თეთრიწყაროს ლაგის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, RDFG-იმ პროექტით გათვალისწინებული სერვისები ბენეფიციარებს ელექტრონულად შესთავაზა.

„ამ მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც ვირუსის გავრცელების გამო, მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, ჩვენი მთავარი მიზანია, შექმნილი კრიზისი დანაკარგების გარეშე გადავლახოთ. ლაგის თითოეულ წევრს აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია პროექტის განმახორციელებელ პარტნიორთან, RDFG-სთან – მათი მხრიდან მიმდინარეობს საჭიროებების შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მოძიება და კრიზისზე რეაგირების სტრატეგიის განსაზღვრა“, – თეთრიწყაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ტიკურიშვილი.

უკვე მეორე თვეა დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება ENPARD თეთრიწყაროს პროექტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტები – დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის (ES), პროფესიული მომზადება-გადამზადებისა (VET) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) აქტივობები. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის 18 მონაწილე აქტიურადაა ჩართული, როგორც ჯგუფურ და ინდივიდუალურ სესიებში, ისე ესწრებიან ვებინარებს, ამასთან, პერიოდულად მიეწოდებათ სასწავლო ვიდეო მასალა.

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს 30 მაცხოვრებელი დისტანციურად ეუფლება დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს. პროფესიული კოლეჯი მოდუსის ინიციატივით კი, აღნიშნულ ბენეფიციარებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ პერსონალური კომპიუტერები, რომლებშიც ბუღალტრული აღრიცხვის კურსი იქნება ჩაწერილი. რაც შეეხება ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს (YFC), 300-მდე სკოლის მოსწავლეს ინტენსიურად მიეწოდება ინფორმაცია, როგორც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესახებ, ისე კორონავირუსთან დაკავშირებით.

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს ლაგი ერთ-ერთია თორმეტ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.

ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. ვრცლად ENPARD-ის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ვებსაიტზე www.enpard.ge

კონტაქტი:
ნინა კოპალეიშვილი, RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი nkopaleishvili@rdfg.ge
ნელი რევაზიშვილი, RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი nrevazishvili@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►