RDFG იწყებს პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტს

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) იწყებს პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტს, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს (სულ მცირე 350 ახალგაზრდა) აუმაღლოს ცნობიერება პროფესიული ორიენტაციიისა და კარიერული წინსვლის შესახებ – დაეხმაროს მათ საგანმანათლებლო, სასწავლო და პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის მართვაში. პროექტი ხორციელდება USAID ზრდა პროექტისა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: თეთრიწყარო, ბოლნისი, მარნეული, ნინოწმინდა, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა, კასპი, გორი და ზუგდიდი.

პროექტის შედეგები

  • პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის ტრენინგის შედეგად, ბენეფიციარს ექნება ცოდნა იმისათვის, რომ თავად მიუსადაგოს თავისი უნარები ამა თუ იმ პროფესიას;
  • პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის მყარი კავშირის ჩამოყალიბებას;
  • პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო რეფორმის განვითარებას პროფესიული განათლების მიმართულებით;
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერულ წინსვლის საუკეთესო მაგალითების გაზიარება, მათი მისადაგება საქართველოს კონტექსტისათვის და  შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG – nkopaleishvili@rdfg.ge
რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, RDFG – rjavelidze@rdfg.ge