ქალაქ ბათუმს ახალი სახანძრო კიბე გადაეცემა

2019 წლის 19 ნოემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ხელი მოაწერა პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ბათუმს ახალი სახანძრო ავტოკიბე (კალათით) გადაეცემა. პროექტი “ბათუმისთვის სახანძრო მანქანა-კიბით უზრუნველყოფის შესახებ” ხორციელდება საქართველოში იაპონიის საელჩოს, იაპონიის მთავრობის გრასრუტის, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამისა და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თანამშრომლობის შედეგად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას საქართველოში.

საქართველოში იაპონიის საელჩოში გამართულ ღონისძიებას იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი.

RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი 2011 წელს დაარსდა. ცენტრის მიზანია თემის თვითმედეგობის გაზრდა და პრევენციის კულტურის ხელშეწყობა კატასტროფის მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის აღნიშნული სფეროსთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, RDFG-ის DRR ცენტრის ძალისხმევა ფოკუსირებულია კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე სკოლებში, ადგილობრივი თემის/მუნიციპალიტეტების კატასტროფის მართვის/კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდასა და ეროვნული საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის/სტრუქტურის გაძლიერებაზე.

RDFG-ის DRR ცენტრის დაარსება და ფუნქციონირება ხელს უწყობს ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესებასა და დაცვას, უსაფრთხო სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნას და ინფორმირებული/ მომზადებული თემის ჩამოყალიბებას, რაც შედეგად მოგვცემს უფრო თვითმედეგ თემს და მის შემდგომ მდგრად განვითარებას.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge