რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ბანაკი ყვარელში გაიმართა

2019 წლის 3-10 ნოემბერს, USAID Zrda პროექტის ფარგლებში მიმდინარე ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის სამეწარმეო ბანაკი იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ქალაქ ყვარელში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ RDFG-ის ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ასევე, შეხვედროდნენ სამეწარმეო სფეროში მოღვაწე ადამიანებს კერძო ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან.

ჯამში ტრენინგში ჩართულები იყვნენ USAID ზრდა პროექტის 9 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი 15 საპროექტო წინადადების ავტორები (სულ 17 ადამიანი), რომელთაც სამეწარმეო ბანაკის შემდეგ, თავიანთ პროექტებზე მუშაობის დასასრულებლად 2 კვირა ექნებათ.

ბანაკის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრნენ, რომლებსაც მასტერ ტრენერის, თეა მხეიძის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის გადამზადებული ტრენერები უძღვებოდნენ. აღნიშნულის გარდა, სამეწარმეო ბანაკში მოწვეულმა სტუმრებმა, პროექტის ფარგლებში RDFG-ის ფინანსურმა კონსულტანტმა – ბესო ტრაპაიძემ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) წარმომადგენელმა – ქეთევან ლაცაბიძემ და ციფრული კომპანია რედბერის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა – ლევან კეცხოველმა ისაუბრეს ფინანსური უწყისების მნიშვნელობასა და მათ მომზადებაზე, სოფლის მეურნეობასა და სამხარეო განვითარებაზე ფოკუსირებული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებსა და პროდუქტის ციფრულ სამყაროში რეალიზებაზე – ციფრულ მარკეტინგსა და გაყიდვებზე.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, 5 გამარჯვებული პროექტი უკვე შეირჩა, რომლებიც შესაბამისად დაჯილდოვდნენ საგრანტო თანხებით: 10 000 ლარი, 6 000 ლარი, 6 462 ლარი, 3 600 ლარი და 3 000 ლარი. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა და წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება – გორი; სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი.

ამ ეტაპზე, პროექტის მეორე ფაზის მონაწილეები თავიანთი ბიზნეს იდეების დასრულებასა და „პიჩის“ მომზადებაზე მუშაობენ იმისთვის, რომ 2019 წლის დეკემბერში შესაბამისი განაცხადი გაააკეთონ. პროგრამის მეორე ფაზის საბოლოო ეტაპზე, საგრანტო კომისია გამოავლენს გამარჯვებულ ბიზნეს პროექტებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხებით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.

რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტი 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში ხორციელდება: ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი. პროექტის მონაწილეებს ბიზნეს იდეები 4 მიმართულებით უნდა წარედგინათ: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები ანს შემოქმედებითი ინდუსტრიები. პროექტს ახორციელებს RDFG, USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში და მისი მხარდამჭერები არიან: აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო, კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი სტარტაპერი.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
rjavelidze@rdfg.ge