ევროკავშირის მხარდაჭერით, RDFG-იმ და სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გამართეს

2019 წლის 18 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაეკავშირებინა, ხოლო დამსაქმებლებს ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დახმარებოდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებმა სამუშაოს მაძიებლებმა და 23-მმა მსხვილმა დამსაქმებელმა კომპანიამ 300-მდე აქტიური ვაკანსიით, მათ შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმაც.

ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა RDFG-ის თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, რომელმაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ და ამავე სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ბეზარაშვილმა დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრეს. დასასრულს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვანცა ტოროშელიძემ კარიერული დაგემვის პროცესში პროფესიული განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ფორუმზე წარდგენილ დამსაქმებელთა შეთავაზებებსა და პირობებს გაცნობოდა, ასევე, მიეღო ინფორმაცია პროფესიული კურსების შესახებ. გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წარმატების ისტორიები გაუზიარეს და უამბეს, თუ როგორ შეუძლიათ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.

ღონისძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კურსების ვაუჩერებით დაჯილდოება წარმოადგენდა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, მხოლოდ თეთრიწყაორს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გათამაშებაში, შეერჩია მისი ინტერესების შესაბამისი პროფესიული კურსი და სრულიად უფასოდ მიეღო ვაუჩერი პროფესიული განათლებისთვის. ჯამში სულ 30 გამარჯვებული გამოვლინდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კონტაქტი:

  • ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი, +995 598 94 00 04; nkopaleishvili@rdfg.ge
  • ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, +995 598 65 88 84; nrevazishvili@rdfg.ge