RDFG-ის DRR ცენტრმა მონაწილეობა მიიღო კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

2019 წლის 13 ოქტომბერს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრმა მონაწილეობა მიიღო კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა კატასტროფის რისკის შემცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

კატასტროფის რისკის შემცირება და საგანგებო სიტუაციების მართვა RDFG-ის DRR ცენტრის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულებაა. ამჟამად, ჩვენი ორგანიზაცია ხსენებული მიმართულებით ორ პროექტს ახორციელებს: „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ და USAID ზრდა პროექტის კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტი.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, კატასტროფის რისკის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს კატასტროფის შემცირებისა და რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.