ტრანსსასაზღვრო პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

2019 წლის 17-19 სექტემბერს, გაიმართა ტრანსსასაზღვრო პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი. ღონისძიება მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობებისა და შემუშავებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური დოკუმენტების განხილვას, ამასთან, პროექტთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მეოთხე შეხვედრას.

მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წყლისა და სამრეწველო ავარიების შესახებ გაერთიანებულ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის (JEG – Joint Ad Hoc Expert Group on Water and Industrial Accidents) წევრებითა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებით. გაერთიანებული ექპერტთა ჯგუფი (JEG) ფუნქციონირებს UNECE-ის კონვენციების „ტრანსსასაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების შესახებ” და „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ ფარგლებში.

შეხვედრაში მონაწილეობდა 11 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, გერმანია, სომხეთი, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, პოლონეთი) სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამთო-მომპოვებით სფეროში მომუშავე კერძო კომპანიები.

ჩვენი ორგანიზაციის, “ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” ფარგლებში, ფუნქციონირებს კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center), რომელიც ხელს უწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიული და სისტემური მიდგომების დანერგვას როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად RDFG მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო პროექტში „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მოიცავს მდინარე ყვირილას აუზს და საპილოტე პროექტი განხორციელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიებით, მათ შორის კუდსაცავებიდან გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო კომპანიების მზადების დონის გაზრდის კუთხით.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარებულ იქნა კვლევა და შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის ანალიზი.“ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეკომენდაციის სახით მომზადდა კუდსაცავების მართვის ნორმატიული აქტის ნიმუში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვისაც. აღნიშნული დოკუმენტი წარედგინა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წყლისა და სამრეწველო ავარიების შესახებ გაერთიანებულ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის (JEG – Joint Ad Hoc Expert Group on Water and Industrial Accidents) წევრებსა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს. გაერთიანებულ ექპერტთა ჯგუფი (JEG) ფუნქციონირებს UNECE-ის კონვენციების „ტრანსსასაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების შესახებ” და „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც სომხეთის მხრიდან წარმოდგენილია სამეცნიერო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace”-ის და საქართველოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის მიერ – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალი აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.

საქართველოს მხრიდან პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე ისეთ სამთო-მომპოვებით კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა “შპს ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი” (RMG).

კონტაქტი:
ქეთი გლოველი – პროექტის ასისტენტი, kgloveli@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, nkopaleishvili@rdfg.ge