RDFG-ის ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თეთრიწყაროში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში

2019 წლის 15 სექტემბერს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თეთრიწყაროში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის საქმეში ჩართვა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა ეთნოგრაფიული მასალების, ტრადიციული რეწვის, ფერწერული ტილოების, მოზაიკებისა და სხვა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და RDFG-ის მიერ განხორციელებული პროექტების ბენეფიციარებმა თავიანთი ნაწარმი წარადგინეს:

  • ალექსანდრე დისტილერი – ქვევრის ვისკი, ღვინო, ჭაჭა, შარბათი
  • წინწყარო+ – ყველი და სხვა სახის რძის პროდუქტები
  • კოოპერატივი ქვის წყარო – თაფლი
  • ეთნო – კალვადოსი
  • ჟოლოს წარმოება

 
ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა და ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება საქართველოსთვის. აღნიშნულის შემდეგ, მან გამოფენა მოინახულა, სადაც RDFG-ის ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილ პროდუქტებსაც გაეცნო. პრეზიდენტი განსაკუთრებით დაინტერესდა ალექსანდრე დისტილერის წარმოების პროცესით, რომელიც ვისკის დასაყენებლად ქვევრს იყენებს.

კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა. როგორც დაგეგმილია, სამომავლოდ ამგვარი ღონისძიებები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება და ტრადიციულ სახეს მიიღებს. წელს ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგნტო, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობები, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ და კომპანია რიჩ მეტალს გრუპი (RMG).

კულტურული მემკვიდრეობის ფორუმს ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

კონტაქტი:
ნელი რევაზიშვილი, RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი – nrevazishvili@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი, RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი – nkopaleishvili@rdfg.ge