რეგიონული ტრენინგი კუდსაცავების (TMF) უსაფრთხოების გაუმჯობესების მეთოდოლოგიის შესახებ

2019 წლის 16 აგვისტოს, ტრანსსასაზღვრო პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა რეგიონალური ტრენინგი კუდსაცავების (TMF) უსაფრთხოების გაუმჯობესების მეთოდოლოგიის შესახებ. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო, როგორც გარემოს დაცვით და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო მოხელეებისა და სამთო-მომპოვებით დარგში მოღვაწე კერძო კომპანიების პროფილური თანამშრომლების გადამზადება, ასევე, საკონტროლო კითხვარის მეთოდოლოგიის გამოყენება ეროვნული ზედამხედველობის უწყებებისა და მასპინძელი კომპანიების მიერ. ღონისძიებას რიჩ მეტალს გრუპმა (RMG) ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კაზრეთში მდებარე ოფისში უმასპინძლა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი სახელმწიფო და კერძოს უწყების წარმოამდგენლები, მათ შორის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ჯორჯიან მანგანეზი და რიჩ მეტალს გრუპი.

ტრენინგის ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები განხორციელდა კუდსაცავების მართვის საშუალებების მეთოდოლოგიით, რომელიც შემუშავდა UNECE-ს  უსაფრთხოების სახელმძღვანელოს ბაზასა და კუდსაცავების მართვის საშუალებების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, პროექტის “სამრეწველო კუდსაცავების (TMF) უსაფრთხოების გაუმჯობესება უკრაინის ობიექტების მაგალითზე” ფარგლებში 2013-2015 წლებში. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით იმავე ტიპის საკონტროლო კითხვარის შემუშავება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრისა და ტრანსსასაზღვრო პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ შესახებ. ამასთან, RMG-ის წარმომადგენლებმა კომპანიისა და პრაქტიკული სამუშაოებისათვის შერჩეული კუდსაცავის (RMG Cooper) შესახებაც წარადგინეს პრეზენტაცია.

ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, გასული წლის სექტემბერში, სომხეთში, ქალაქ წახკაძორში ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგზე საქართველოს მხრიდან წარდგენილი კანდიდატები: ქეთევან ჯინჭარაძე, რუსუდან ყრუაშვილი, ირაკლი ნოზაძე, კონსტანტინე ზარანდა და მერაბ ჩალათაშვილი.

ჩვენი ორგანიზაციის, “ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” ფარგლებში, ფუნქციონირებს კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center), რომელიც ხელს უწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიული და სისტემური მიდგომების დანერგვას როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად RDFG მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო პროექტში „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მოიცავს მდინარე ყვირილას აუზს და საპილოტე პროექტი განხორციელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიებით, მათ შორის კუდსაცავებიდან გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო კომპანიების მზადების დონის გაზრდის კუთხით.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარებულ იქნა კვლევა და შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის ანალიზი.“ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეკომენდაციის სახით მომზადდა კუდსაცავების მართვის ნორმატიული აქტის ნიმუში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვისაც. აღნიშნული დოკუმენტი წარედგინა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წყლისა და სამრეწველო ავარიების შესახებ გაერთიანებულ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის (JEG – Joint Ad Hoc Expert Group on Water and Industrial Accidents) წევრებსა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს. გაერთიანებულ ექპერტთა ჯგუფი (JEG) ფუნქციონირებს UNECE-ის კონვენციების „ტრანსსასაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების შესახებ” და „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც სომხეთის მხრიდან წარმოდგენილია სამეცნიერო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace”-ის და საქართველოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის მიერ – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალი აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.

საქართველოს მხრიდან პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე ისეთ სამთო-მომპოვებით კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა “შპს ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი” (RMG).