რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები სამეწარმეო ბანაკში ჩატარებულ ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრნენ

2019 წლის 31 ივლისიდან 5 აგვისტომდე, რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ფარგლებში, შერჩეული 17 სამეწარმეო იდეის ავტორი ბაზალეთში მოწყობილ ერთკვირიან სამეწარმეო ბანაკში გამართულ ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრო, სადაც თავიანთი იდეების ბიზნეს პროექტებად გადაქცევაზე იმუშავეს. ბანაკის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს ახალგაზრდა სტარტაპერები და სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლები შეხვდნენ,  რომლებმაც თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და პროექტის მონაწილეებს განუმარტეს, რისი გაკეთება შეიძლება/ არ შეიძლება სტარტაპის წამოწყებისას. რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

სამეწარმეო ბანაკში ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში, პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ახალი ბიზნესის წამოწყებისას უნდა გადადგან. თავდაპირველად, ისინი გაეცნენ ბიზნეს მოდელ კანვასს და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავიანთი ბიზნეს იდეების დახვეწაზე იმუშავეს. ამასთან, პროექტის მონაწილეები ინტენსიურ ტრენინგებს დასწრნენ, რომლებსაც მასტერ ტრენერის, თეა მხეიძის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის გადამზადებული ტრენერები უძღვებოდნენ. მომხმარებლებთან ურთიერთობა, სადისტრიბუციო არხები, მარკეტინგი და სოციალური მედია,  ფინანსური დაგეგმვა და პროგნოზი – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც ტრენინგების ფარგლებში ისაუბრეს.

ბანაკის ერთ-ერთი კომპონენტი ახალგაზრდა სტარტაპერებთან შეხვედრა იყო. სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიბის მიმართულებით განხორციელებული სტარტაპის, Gogra.ge-ის დამფუძნებელმა თავისი ბიზნესის განვითარებისა და იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს იდეის განხორციელების პროცესში დაუშვა. კიდევ ერთი სტარტაპის, Vrex-ის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ გოგოჭურმა კი, რომელიც ქმნის ვირტუალური რეალობის გამოცდილებებს ტურისტული ადგილებისთვის, პროექტის მონაწილეებს აუხსნა, თუ რა განსხვავებაა მცირე და საშუალო ბიზნესსა და სტარტაპს შორის და ვის შეიძლება/არ შეიძლება ეწოდოს მეწარმე. აღნიშნულის შემდეგ, მან თავისი ბიზნეს იდეა „გაპიჩა“ და განმარტა, თუ როგორ უნდა წარადგინოს აპლიკანტმა თავისი პროექტი ჟიურის წინაშე.

გარდა პირადი გამოცდილებებისა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოწვეულმა სტუმრებმა ფინანასურ საკითხებზეც ისაუბრეს. ფინანსური კონსულტანტი, ბესო ტრაპაიძე პროექტის მონაწილეებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შევსებაში, ფინანსების დაგეგმვასა და ფინანსური პროგნოზების გაკეთებაში დაეხმარა. შემოქმედებითი საქართველოსა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს (ARDA) წარმომადგენლებმა სახელმწიფო გრანტების მოპოვების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა კი ჩაატარეს ტრენინგი ფინანსური ორგანიზაციებისა და მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების შესახებ. ამასთან, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გახდნენ პროექტის მონაწილეები უფრო თავდაჯერებულები სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობისას და მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილები დაფინანსების ძიების პროცესში. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გარკვეულიყვნენ საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში.

სამეწარმეო ბანაკი საკმაოდ პრაქტიკული აღმოჩნდა, რადგან პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ბიზნეს სიმულაციებიდან და სხვა სახის პრაქტიკული სავარჯიშოებიდან ახალი ცოდნა და უნარები შეეძინათ. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ ცალკე გამოყოფილი დრო იმისთვის, რომ მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, თავიანთი ბიზნეს იდეების დახვეწაზე ემუშავათ და ამავდროულად ე.წ. პიჩინგის ტექნიკა შეესწავლათ. ბანაკის დასასრულისთვის, თითოეული ბიზნეს იდეის ავტორს  თავისი იდეის მონახაზი უკვე მზად ჰქონდა.

ამ ეტაპზე, პროექტის მონაწილეები თავიანთი ბიზნეს იდეების დასრულებასა და „პიჩის“ მომზადებაზე მუშაობენ იმისთვის, რომ 2019 წლის აგვისტოს ბოლომდე შესაბამისი განაცხადი გაააკეთონ. 2019 წლის სექტებერში, 17-ვე ბიზნეს პროექტის ავტორი თავის იდეას ჟიურის წარუდგენს, რომელიც გამარჯვებულ 3 პროექტს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო 10 000 ლარის, 8 000 ლარისა და 6 000 ლარის ოდენობით.

რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტი 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში ხორციელდება: ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი. პროექტის მონაწილეებს ბიზნეს იდეები 4 მიმართულებით უნდა წარედგინათ: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები ანს შემოქმედებითი ინდუსტრიები. პროექტს ახორციელებს RDFG, USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში და მისი მხარდამჭერები არიან: აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო, კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი სტარტაპერი.