RDFG-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 31 ივლისს, ასოციაციას სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ფინანსური საკითხების შესახებ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ფინანსების შესახებ ტრენინგების უზრუნველყოფა სხვადასხვა პროექტის ბენეფიციართათვის.

2019 წლის 2 აგვისტოს, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა RDFG-ის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის მონაწილეთათვის ტრენინგი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ფინანსური ორგანიზაციებისა და მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, შეიტყვეს, თუ როგორ გახდნენ უფრო თავდაჯერებულები სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობისას და როგორ მიიღონ სწორი გადაწყვეტილები დაფინანსების ძიების პროცესში. ტრენინგის ფარგლებში ასევე გაერკვნენ საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში. ღონისძიება ბაზალეთში მოწყობილ სამეწარმეო ბანაკში გაიმართა და მას საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელი, ბრაიან ქინგი დაესწრო.

RDFG-ის მიერ USAID Zrda პროექტის ფარგლებში განხორციელებული რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). პირველ ეტაპზე, ტრენინგები უკვე განხორციელდა საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვათ წარმოედგინათ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნა ბაზალეთში  სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  გაიარეს დამატებითი, ინტენსიური ტრენინგები წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ამ ეტაპზე ბანაკი დასრულებულია და ჟიურიმ  3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი უნდა გამოავლინოს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის საგრანტო თანხით.

პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, ეროვნული ბანკი და თიბისი სტარტაპერი.

პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები – 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.

პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
  • სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.