RDFG-სა და ფინკა ბანკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 17 ივლისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და ფინკა ბანკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან აქტიურად ითანამშრომლონ მოწყვლადი მოსახლეობის სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაძლიერებად. ღონისძიებაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ არაფორმალური განათლების და დასაქმების პროგრამების შემდგომი სრულყოფა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა სექტორის დამსაქმებლების ერთიანი და ეფექტური ძალისხმევით, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით. RDFG-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ასოციაციის HR ოფიცერმა, ნინა ყუფარაძემ, ხოლო ფინკა ბანკის მხრიდან – ორგანიზაციის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, ლელა თოურიამ.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის მიერ განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე სამუშაოს მაძიებლებს ბანკში დასაქმებისა და სწავლების შესაძლებლობების შესახებ უამბეს.

შეხვედრაზე RDFG-ის დასაქმების მრჩეველმა, ირმა ქორთუამ განაცხადა, რომ RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, წარმოადგენს დასაქმების ინოვაციურ ესპანურ მოდელს Shuttle, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კორპორაციული მოხალისეობა:

“პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით გამოხატავენ მზაობას კორპორაციული მოხალისეობისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფინკა ბანკი, წარმოადგენს დასაქმების პროგრამის წარმატებისა და პროგრამაში ჩართული ადამიანების დასაქმების  ძირითად გარანტს“, – RDFG-ის მრჩეველი დასაქმების საკითხებში, ირმა ქორთუა.

„ფინკა ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმების შესაძლებლობა მივცეთ რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებს. მსგავს პროექტებთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან ის გვეხმარება აღმოვაჩინოთ მოტივირებული ადამიანები. ამავე დროს, ბანკში მუშაობა პროექტის ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს  მოკლე დროში მიიღონ დიდი ცოდნა და გამოცდილება“, – ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი, ლელა თოფურია.

მხარეთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზარზე ეფექტური ინტეგრაციის ხელშეწყობა. მხარეები ასევე თანხმდებიან, ითანამშრომლობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებითაც.