RDFG-სა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ

2019 წლის 5 ივლისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას (GCCI) შორის გაფორმდა მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, აგრეთვე პროფესიული განათლების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. RDFG-ის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა RDFG-ის თავჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა, ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთიმ.

ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში პროფესიული განათლების (VET) რეფორმის ხელშეწყობა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მიზნით დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, სემინარებს, ლექციებს, ბიზნეს-კონფერნციებს, ფორუმებსა და დისკუსიებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფაგრლებს გარეთ. გარდა ამისა, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ მომსახურებისა და წარმოების სფეროში  საქმიანობის კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის ამაღლებას. ამ მიზნით, მოამზადებენ და გამოაქვეყნებენ სასწავლო სახელმძღვანელოებს, სტატიებსა და სხვა სახის პუბლიკაციებს. ამასთან, მხარეები შეიმუშავებენ და წარადგენენ ერთობლივ პროექტებს ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით.

თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებული საქმიანობისას, განსაკუთრებული ყურადღება აგროსექტორის ისეთ კონკრეტულ მიმართულებებს დაეთმობა, როგორებიცაა აგროწარმოება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება. უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში, მხარეები თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიმართავენ ყველა ღონეს მეწარმეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, რათა ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ მომზადებას, სტაჟირებასა და პრაქტიკის გავლას.