RDFG-ის ორგანიზებით, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 18 ივნისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეფასების კომისიის მიერ მოწოდებული შედეგების განხილვასა და დამტკიცებას. გარდა ამისა, შევხედრის მიზანი იყო მესამე საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღის, ფორმატისა და პირობების დადგენა, ასევე, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და პროცედურის დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება.

ღონისძიების ფარგლებში, რომლის თავჯდომარედ თეთრიწყაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი შეირჩა, ხოლო კრების მდივნად –  მისი მოადგილე, ბაგრატ პაპაშვილი, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის საერთო კრების წევრებმა დაადგინეს შემდეგი: თეთრიწყაროს ლაგი უნდა გახდეს DCFTA-ს საინფორმაციო რესურს მაგიდების ქსელის წევრი; LAG-ის წესდებაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები და დოკუმენტი რეგისტრაციისთვის უნდა წარედგინოს საჯარო რეესტრს; უნდა დამტკიცდეს LAG-ის პროცედურის დოკუმენტი; LAG-ის პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის დაკომპლექტებისთვის, გამოცხადდეს ღია ვაკანსია სხვადასხვა პოზიციებზე (ფინანსისტი (ბუღალტერი); ლოგისტიკი/შესყიდვები; თემის მობილიზატორი/კომუნიკაციები; იურისტი (კონტრაქტორი)); უნდა დამტკიცდეს შეფასების კომისიის მიერ მოწოდებული მეორე საგრანტო კონკურის ფარგლებში მიღებული საპროექტო განაცხადების საბოლოო შედეგები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მესამე საგრანტო კონკურსის გამოცხადების პერიოდად განისაზღვრა მიმდინარე წლის ივლისი, ხოლო პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც ეხება განათლებას, ასევე შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტს – გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება.

ENPARD-ის ფარგლებში, RDFG-ის ხელშეწყობითა და LAG-ის ჩართულობით, 35-ზე მეტი სამხარეო განვითარების ინიციატივაა დაფინანსებული, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, სოციალური და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობენ ათობით მუდმივი და დროებითი სამუშაო ადგილის შექმნას თეთრიწყაროში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).