RDFG-ის ორგანიზებით, საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების შესახებ დონორთა მეორე საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა

2019 წლის 4 ივნისს, საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების შესახებ დონორთა მეორე საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დისკუსია შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ინსტიტუციურ განვითარებასა და ტექნიკურ ხელშეწყობას. საგანგებო სიტუაციის მართვის სისტემის განვითარების მიზნით, შემუშავდა კატასტროფის რისკების შემცირების დღის წესრიგთან დაკავშირებული ერთობლივი ხედვა. საგანგებო სიტუაციების ერთიანი მართვის სისტემის ხელშეწყობის მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს და შემდგომში დისკუსია გაიმართა ამ დარგის ინსტიტუციური განვითარების პროცესის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ, განისაზღვრა საჭიროებები და ამ პროცესის წარმატებულად განხორციელებისათვის საჭირო გზები. კონფერენციას დაესწრნენ წამყვანი დონორი ორგანიზაციების, აკრედიტებული საელჩოებისა და სახელმწიფო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები.

ღონისძიება, საქართველოში USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს შემდეგი ინსტიტუციების განვითარებას: საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახამრებისა და ოპერატიული მართვის ცენტრი 112, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

ღონისძიება გახსნა ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა, რომლის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახამრებისა და ოპერატიული მართვის ცენტრის 112 დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქეთევან ჭუმბურიძემ.

RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა აღნიშნა, რომ დონორთა მეორე საკოორდინაციო კონფერენცია არის RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის მიერ გაღებული ძალისხმევის გაგრძელება იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსიების გასამართად ეფექტური პლატფორმა შეიქმნას:

„აღნიშნული საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ ერთობლივი მიდგომები და  ხალხზე ორიენტირებული კრიზისების მართვის სისტემაში წვილილის შესატანად, თავი მოვუყაროთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, დონორი ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხემვას. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ არსებული რეაქტიული მოდელისგან უნდა გადავერთოთ პრევენციის პროაქტიულ მოდელზე, ამასთან, განვითარების დღის წესრიგში კატასტროფის რისკის შემცირების ინტეგრაციის აუცილებლობა უფრო მკაფიო უნდა გახდეს“.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი ასევე მოიცავს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემაში შემავალი სტრუქტურების გაძლიერებასა და კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირების კომპონენტში დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).