RDFG-ისა და USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის გახსნა გაიმართა

2019 წლის 29 მაისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის გახსნა სასტუმრო რუმსში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ RDFG-ის თავჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი და USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან ქინგი. პროექტის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ პროექტის მხარდამჭერი საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, სტუმრები შემოქმედებითი საქართველოდან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალიდან, აწარმო საქართველოდან და საქართველოს ეროვნული ბანკიდან.

ღონისძიება RDFG-ის თავდჯომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა გახსნა და რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნულის შემდეგ, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა, ვერონიკა ლიმ და USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელიმა ბრაიან ქინგმა საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის მიზნებზე ისაუბრეს. რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია კი RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ წარადგინა. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

RDFG-ისა და USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის საგრანტო თანხით.

პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და ეროვნული ბანკი.

პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები – 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.

პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
  • სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.