USAID-ის ზრდა პროექტისა და RDFG-ის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი დაიწყო

2019 წლის 24 მაისს, საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტისა და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვს ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტი წარუდგინა, რის შემდეგაც მასტერ ტრენერი, თეა მხეიძე უშუალოდ ტრენინგის ეტაპზე გადავიდა. ტრენინგის ძირითადი ნაწილი ხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ ტრენერები პროექტის 9 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან. ტრენერთა ტრენინგის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეები პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორინეტირებულ ტრენინგს ჩაუტარებენ.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფარგლებში, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგი ახალგაზრდებისთვის განხორციელდება ორ ფაზად. პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგები ჩატარდება 9-ვე მუნიციპალიტეტში პარალელურად და თითო ფაზაზე თითო მუნიციპალიტეტში ტრენინგზე მიწვეული იქნება მაქს. 25 ახალგაზრდა. ტრენინგების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  6-7 დღის განმავლობაში გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების (საპროექტო წინადადებების) დასახვეწად და მათი ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ამ ეტაპზე, ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის საგრანტო თანხით.

პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.

პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები – 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.

პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
  • სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.