სამხარეო განვითარების ასოციაციისა (RDFG) და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებმა გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელეს

25 თებერვალს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბატონ ზაზა ხუციშვილს შეხვდნენ და RDFG-ის მიერ განხორციელებული პროექტი „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ წარუდგინეს. RDFG-ის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზის შედეგები გააცნეს და ანალიზზე დაყრდნობით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს, რომელიც არსებულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანასა და ახალი დებულებების შემუშავებას მოიცავს. შეხვედრის ფარგლებში, RDFG-იმ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ასევე წარუდგინა იმერეთის რეგიონის ჭიათურის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ყვირილას დაბინძურების საკითხებზე შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განიხილავს არსებულ რეალობასა და წარმოადგენს პრობლემის მოგვარების გზებს.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მომავალი აქტივობებიც გააცნეს, მათ შორის აპრილის თვეში დაგეგმილი მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

პროექტი „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მრჩეველთა მხარდაჭერის პროგრამის (AAP) მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ევროკავშირის სხვა მეზობელ ქვეყნებში გარემოს დაცვის მიზნით. პროექტი ხორციელდება ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია Eco Peace-ის მიერ.