ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერები სოფელ ასურეთში რთველის დღესასწაულს შეუერთდნენ

2018 წელს ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობის წელს აღნიშნავს და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ აქტივობებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრებთან ერთად შეუერთდა.

29 სექტემბერს, RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის EU Neighbours East-ის ინიციატივის “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ წევრები ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთს ესტუმრნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა. ასურეთი, რომელსაც ძველად „ელიზაბეტტალს“ უწოდებდნენ, გერმანელებით დასახლებული სოფელი იყო და აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი გოთური სტილით ნაგები ეკლესია და გერმანული სტილის შენობები. ასურეთში გერმანულ-ქართული ჯიშის ყურძენი „შალა“ მოჰყავთ და სწორედ ეს ევროპულ-ქართული კულტურის თანაარსებობა იყო მიზეზი, იმისა, თუ რატომ შეაჩერეს ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა არჩევანი სოფელ ასურეთზე. ადგილობრივებმა ახალგაზრდებს ქართული ტრადიციული ყურძნის ფესტივალის „რთველის“ შესახებ უამბეს და ყურძნის დაკრეფისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიებიც გააცნეს. რთველის შემდეგ ახალგაზრდები ასურეთის გერმანულ უბანსაც ესტუმრნენ და გერმანულ-ქართული სოფელიც დაათავლიერეს.

“ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან და ჩვენი, როგოც ახალგაზრდების ვალია გავაგრძელოთ მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები. მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა მოგვეცა ადგილობრივ ახალგაზრდა ფერმერებს გავცნობოდით და მათთან ერთად რთველში მიგვეღო მონაწილეობა. RDFG-ს „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებთან” სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, ევროკავშირის მხარდაჭერით კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას ჩავატარებთ ერთად.” – აღნიშნა ციცი ხაჩიძემ, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა.

RDFG-ი აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს განვითარების პროექტს ახორციელებს და ახალგარზდა ფერმერთა ცენტრებიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ღონისძიების განმავლობაში ახალგაზრდა ფერმერებსა და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს ერთმანეთის გაცნობის, ინფორმაციის გაცვლისა და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვის შესაძლებლობაც მიეცათ. RDFG ევროკავშირის აღნიშნულ პროექტთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.