RDFG-ისა და Eco Peace-ის პროექტის ფარგლებში, სომხეთში, კუდსაცავების მართვის თემაზე საერთაშორისო სემინარი ჩატარდა

ევროპის, კავკასიიისა და ცენტრალური აზიის 13-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო ტრენინგ-სემინარებს კუდსაცავების უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც სომხეთის ქალაქ წაღკაძორში გაიმართა პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სომხურ არასამთავრობო ორანიზაცია „Eco Peace“-თან თანამშრომლობით.

ტრენინგები მიზნად ისახავდა სამთო მომპოვებითი სფეროს ექსპერტებს შორის კუდსაცავების მართვის ახალი და თანამედროვე მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და შემდგომში ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გაზიარებას ამ სექტორში მომუშავე მათივე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის.

საქართველოდან ტრენინგს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, RMG (Rich Metals Group)-ისა და შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები.

კუდსაცავებით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების შეფასება და ანალიზი, მათი ინსპექტირების მექანიზმები, კუდსაცავების მართვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მეთოდოლოგიები – ეს ის თემებია, რაზეც მონაწილეებმა ტრენინგის განმავლობაში იმსჯელეს. გარდა ამისა, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ერთ-ერთ კუდსაცავს ესტუმრნენ და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით კუდსაცავის  ინსპექტირების კუთხით ჯგუფური სამუშაოები ჩაატერეს.

სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში RDFG გეგმავს საქართველოში რეგიონალური სასწავლო სემინარების ჩატარებას, სადაც აღნიშნული ტრენინგში მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა ამ სფეროს ადგილობრივ ექსპერტებს გაუზიარონ.

პროექტი „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მრჩეველთა მხარდაჭერის პროგრამის (AAP) მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ევროკავშირის სხვა მეზობელ ქვეყნებში გარემოს დაცვის მიზნით. პროექტი ხორციელდება სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია Eco Peace-ის ხელმძღვანელობითა და RDFG-ს პარტნიორობით გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს (UBA) მეთვალყურეობით.