RDFG-ის წარმომადგენლების ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

9 აგვისტოს, ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“(RDFG) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა და  რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

RDFG-იმ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო და ორგანიზაციის მიერ რეგიონალური განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ორგანიზაციის მიზანი თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და მათი თვითმედეგობის გაძლიერებაა და ამის მისაღწევად სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: კატასტროფის რისკის შემცირება, მშვიდობის მშენებლობა და სოციო-ეკონომიკური განვითარება. შეხვედრის მიზანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონსა და RDFG-ის შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და RDFG-ის პროექტების დახმარებით რეგიონის პოტენციალის ათვისება იყო. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალი თანამშრომლობისათვის.

RDFG რეგიონის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებასა და აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განხორციელებას გეგმავს. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ორგანიზაცია რეგიონში თავის წარმომადგენელს გამოყოფს, რომელიც ფონდების მოძიებისა და პროექტების განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

შეხვედრას მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.