RDFG-ის პროექტის პირველი ფაზის შედეგების პრეზენტაცია

ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” (RDFG) ბენეფიციარებს გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე ტრანსასაზღვრო პროექტის, „კუდსაცავების მართვის  უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“, პირველი ფაზის შედეგები გააცნო. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიების, მათ შორის კუდსაცავებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების, მართვისა და პრევენციის გაუმჯობესების კუთხით.

საკონსულტაციო შეხვედრაზე RDFG-იმ წარადგინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის, „საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის ანალიზი“, სამუშაო ვერსია და კუდსაცავების მართვისათვის საჭირო რეკომენდაციები, როგორც საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის. რეკომენდაციები მოიცავს საქართველოს  “სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზეგავლენის კონვენციასთან” მიერთებისათვის საჭირო ნაბიჯებს და განსაზღვრავს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების საჭიროებას, რომლებიც ქვეყანაში დანერგავს კუდსაცავების, როგორც ტერმინის განმარტებას, ასევე მის ტექნიკურ მახასიათებლებს, მათზე ოპერირებისა და  საამისოდ საჭირო მართვისა და უსაფრთხოების რეგულაციებს. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტები აგრეთვე მაკონტროლებელი ორგანოებისათვის განსაზღვრავს კუდსაცავებზე განსახორციელებელი კონტროლის გზებსა და მეთოდებს.

პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციებთან ერთად RDFG-ის წარმომადგენლებმა ზემოაღნიშნული დოკუმენტში მოცემული ანალიზის შედეგები განიხილეს და დოკუმნეტის საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად რეკომენდაციები და წინადადებები შეიმუშავეს.

საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე, აშშ-ის სატყეო სამსახურისა და ევროკავშირის ნარჩენების მართვის პროექტის („ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების სრულყოფისათვის“) წარმომადგენლები.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მრჩეველთა მხარდაჭერის პროგრამის (AAP) მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ევროკავშირის სხვა მეზობელ ქვეყნებში გარემოს დაცვის მიზნით. პროექტი ხორციელდება სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია Eco Peace-ის ხელმძღვანელობითა და RDFG-ს პარტნიორობით გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს (UBA) მეთვალყურეობით.