“მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ბავშვებისთვის

22 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბაზაზე RDFG-სა და „AIESEC საქართველოს’’ თანამშრომლობით ‘’მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი’’ ჩატარდა. სასესიო თემები შეეხებოდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო მიზნებს, კერძოდ კი ხარისხიან განათლებას, ადვოკატირებასა და სიღარიბის შემცირებას.

 ღონისძიება ერთდროულად მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში (კოდა, წინწყარო, ხაიში, ბოგვი, სამღერეთი და თეთრიწყაროს #2 სკოლა) ჩატარდა და მასში ფერმერთა ცენტრების 110-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გაკვეთილს AIESEC-ის მოხალისეები უძღვებოდნენ, რომლებმაც ღონისძიებამდე თავი RDFG-ს ოფისში მოიყარეს და საორგანიზაციო საკითხების გავლის შემდეგ თეთრიწყაროსკენ გაეშურნენ.  ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ RDFG  ორი მიმდინარე პროექტის, „ENPARD – თეთრიწყაროს“ და EDKK-ს თანამშრომლები.

YFC-ს კოორდინატორი „ENPARD-თეთრიწყაროს“ პროექტიდან, ასლან ართმელაძე გაკვეთილს თეთრიწყაროს  #2 სკოლის ფერმერთა ცენტრში დაესწრო. მისი თქმით, შეხვედრა ინტერაქციულად წარიმართა.

„ცენტრის მოსწავლეები დაინტერესდნენ სესიის თემატიკით და აქტიურად ჩაერთნენ გაკვეთილის მიმდინარეობაში. ბავშვები ყოველთვის სიხარულით ერთვებიან მსგავს აქტივობებში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან YFC-ს ერთ-ერთ მიზანს სწორედ ახალგაზრდების გააქტიურება და პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ RDFG სიამოვნებით შეუერთდა ცენტრებში „მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილის“ ჩატარების ინიციატივას“ – აღნიშნა ასლან ართმელაძემ.

‘’მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი’’ წარმოადგენს UNICEF-ის ინიციატიავას, რომელიც ორიენტირებულია აამაღლოს ცნობიერების დონე ბავშვებსა და ახალგაზრდებში მდგრადი საერთაშორისო მიზნების შესახებ, რათა უბიძგონ მათ მოქმედებისკენ, რომ გახდნენ თაობა, რომელიც მიმართულია პოზიტიური ცვლილებებისკენ. აღნიშნული ინიციატივის პარტნიორი საქართველოში AIESEC-ი გახლავთ, ხოლო უშუალოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიება RDFG-ს პარტნიორობითა და ორგანიზებით განხორციელდა.

AIESEC-ის მოხალისის თამუნა გიუნაშვილისთვის, ეს თეთრიწყაროს ახალგაზრდებთან  მუშაობის პირველი გამოცდილება იყო.

„მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილის“ ფარგლებში პირველად მოვხვდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ბავშვები, რომლებთანაც მოგვიწია მუშაობა საოცარი აქტიურობითა და ძალიან საინტერესო იდეებით გამოირჩევიან. პირადად მე, მათში ძალიან დიდი პოტენციალი დავინახე.  ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოსწავლეებთან შეხვედრამ მომცა დიდი სტიმული, რათა უფრო მეტად ვიზრუნოთ ახალგაზრდებზე, მათ სწავლა-განათლებაზე და შევქმნათ შესაფერისი გარემო-პირობები მათი წარმატებული მომავლისათვის“.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში.

თეთრიწყაროში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ფუნქციონირებს RDFG-ს ორი პროექტის ფარგლებში. ესენია: ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD-თეთრიწყარო) და პროექტი „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK).