შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან

EDKK პროექტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბენეფიციარები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ფერმერული მეურნეობების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. რატომ უნდა გახდე ფერმერი და რამდენად მნიშვნელოვანია აგრო მეწარმეობა ქვეყნისთვის – სწორედ ამ თემების შესახებ ისაუბრა ქალბატონმა ნინომ შეხვედრაზე და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„ბავშვებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი მოტივირებულები არიან, თუმცა სჭირდებათ მეტი ინფორმაცია და ხელშეწყობა, რათა გაიკვალონ გზა ფერმერობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლაშივე მიეცეთ მეწარმეობასა და ფერმერობაში გარკვევის საშუალება, რაც გააღვივებს მათ ინტერესს აღნიშნული სფეროების მიმართ. თქვენი ცენტრების წყალობით, ბევრი ახალგაზრდა ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო ფერმერულ საქმიანობაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ არა მხოლოდ ასოციაციის, არამედ ქვეყნის სახელით. ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ!“ – აღნიშნა  ნინო ზამბახიძემ.

შეხვედრა ბავშვებმაც დადებითად შეაფასეს. გარდა საჭირო და საინტერესო ინფორმაციისა, მათ ქ-ნი ნინოსგან საჩუქრად კრებულები მიიღეს სახელწოდებით „გზა ფერმერობისკენ“, რომელიც 2017 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით.

„შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ქ-ნმა ნინომ საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, წინ ახალგაზრდული მაგალითები წამოწია. ასევე ყურადღება გაამახვილა სტერეოტიპებზე, რომ ფერმერობა და გლეხობა არ არის სათაკილო. პირიქით, ეს არის ღირსეული საქმიანობა, რომელსაც როგორც პროფესიას ისე უნდა მივუდგეთ. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ასეთ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება“ – აღნიშნა საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოხალისემ, ნინო ნიაურმა.

ღონისძიების მეორე ნახევარი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაეთმო. სერტიფიკატებით YFC-ში ჩატარებული სათემო განვითარების მიკრო პროექტების კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დაჯილდოვდნენ. მადლობის სიგელები გადაეცათ იმ კურატორ-პედაგოგებსაც, რომლებიც ახალგაზრდებს პროექტების წერის პროცესში დაეხმარნენ.

RDFG-ს პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) ერთ-ერთი მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული აგროსამეწარმეო საქმიანობასა და საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC), რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და თანამედროვე აგრო მეწარმეობის სწავლებასა და უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. მასში ერთიანდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოზარდები.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.