პროექტ EDKK-ში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება იწყება

პროექტ EDKK-ის ერთ-ერთ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით,  EDKK-ს ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსს, დავით მამუკელაშვილს შეხვდნენ.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამიზნე ჯგუფებმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ექვსი დასახლებიდან: კოდა, წინწყარო, შაუმიანი, ბოლნისი, დმანისი, საგარეჯო.

სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტექნიკური პროცედურების, საგადასახადო შეღავათების, პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ. მან ასევე ისაუბრა, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილ მასშტაბურ აქტივობებზე, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებთან დაკავშირებით.

EDKK -ს მენეჯერი ნინო ბარაქაძე ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თემაზე აღნიშნულ ჯგუფებთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

„შეხვედრებისას მოსახლეობაში გამოკვეთა ის ფაქტორები, რაც აერთიანებთ საქმის წარმოების პროცესში და რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მათ მოსავლის მიღებისა და რეალიზაციის კუთხით: მოძველებული ან უხარისხო სამეურნეო ტექნიკა, ტრანსპორტის უქონლობა პროდუქტის გადასაადგილებლად და ა.შ. კოოპერატივები საშუალებას მისცემს მათ შეიმსუბუქონ საქმის წარმოება და ერთობლივი ძალებით, ერთმანეთის დახმარებით მიიღონ მეტი სარგებელი. სწორედ ეს არის კოოპერატივის იდეაც. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო სამუშაოები, რის შედეგადაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებად დარეგისტრირება და სტატუსის მოპოვება.“.

პროექტის მენეჯერი დიდ მადლობას უხდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და მის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი მიშელაძეს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩამოყალიბება, როგორც მეკენკრეობის , ასევე მეფუტკრეობის მიმართულებით, რაზეც მდგრადობის უზრუნველსაყოფად პროექტის მხრიდან მოხდება წამახალისებელი მატერიალური მხარდაჭერა დამატებითი გრანტის სახით.

პროექტი EDKK „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) დაფინანსებითა და World Vision გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება