ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა იწყება

19 აპრილს, RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დასაქმების პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამის მრჩეველმა, ლელა მაისურაძემ და მენტორმა, ანა ხუციშვილმა დაინტერესებულ პირებს პროგრამის მეთოდოლოგიისა და პირველი ფაზის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

აღნიშნული პროგრამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმუშევარი პირების  დასაქმებაში ხელშეწყობას ემსახურება.  პროგრამა მოიცავს სამ მიმართულებას: მოკლევადიან (ორდღიან) ტრენინგებს სამუშაოს მაძიებელთათვის, ინოვაციურ ხუთ თვიან დასაქმების პროგრამას Employment Shuttle და დასაქმების ფორუმებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებული Employment Shuttle -ის პირველი ფაზის 20 მონაწილიდან 10 უკვე დასაქმდა, დანარჩენები კი აქტიურად განაგრძობენ სამუშაოს ძიებას.

დასაქმების პროგრამის მრჩეველი ლელა მაისურაძე ფიქრობს, რომ სწორედ წარმატებული პირველი ფაზის შედეგია ის, რომ ღია კარის დღეს უამრავი ადამიანი დაესწრო და სრულმა უმრავლესობამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა. „RDFG დასაქმების პროგრამას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. თეთრიწყაროში პროგრამა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში დაიწყო და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ რეგიონთან პირველად გვქონდა შეხება, დასაქმების პროგრამის მიმართ ადგილობრივი მოსახელობის მხრიდან მაღალი აქტივობა და ინტერესი დაფიქსირდა. პირველი ფაზის შედეგად მონაწილეთა ნახევარი დასაქმდა, ხოლო დარჩენილი მონაწილეების აქტივობას კვლავ ვადევნებთ თვალყურს, რათა არ მოდუნდნენ და  აქტიურად განაგრძონ სამუშაოს ძიება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ პროგრამის მეორე ფაზის მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა, რაც ღია კარის დღემაც აჩვენა“. – აღნიშნა ლელა მაისურაძემ.

პროგრამის მეორე ფაზა სტარტს მაისიდან აიღებს, მანამდე კი თეთრიწყაროში დასაქმების მოკლევადიანი (ორდღიანი) ტრენინგების განხორციელება დაიწყო. ეფექტური კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობა, თვით-პრეზენტაცია,CV-სა და სამოტივაციო წერილის წერა, თვითპრეზენტაცია, დროის მენეჯმენტი ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ორდღიანი ტრენინგის მონაწილეები მოკლედ გაეცნობიან, ვრცლად კი ეს  და სხვა საინტერესო თემები ხუთთვიანი ინოვაციური პროგრამის Employment Shuttle-ის ფარგლებში იქნება განხილული.

დასაქმების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.