EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგებისთვის ტრენინგები ტარდება

პროექტ EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში (YFC) მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგებისთვის RDFG-მ ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები მათთვის  YFC -ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.  შედეგად, მშობლები და იმ სკოლების პედაგოგები, რომელთა ბაზაზეც ფერმერთა ცენტრები ფუნქციონირებს, ხელს შეუწყობენ ცენტრების მდგრადობასა და ბავშვების ჩართულობას YFC -ის აქტივობებში.

„ამ წამოწყებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ცენტრების გრძელვადიანად ფუნქციონირებას. ცენტრები გარდაიქმნება ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებს არსებობას. ბავშვებთან მუშაობის გარდა, მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირებაც, რათა მათ იცოდნენ, თუ სად არის მათი შვილი გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რა არის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი, რა თემებზე ვმუშაობთ და რა მიზანს ვემსახურებით. ადმინისტრაცია  კი ის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც კრავს მთლიან ჯაჭვს – მისი მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება. მე, ჩემი გუნდისა და ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდი სკოლების ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის“ – აღნიშნა პროექტ EDKK-ს მენეჯერმა. ნინო ბარაქაძემ.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC) RDFG-ს მოდელია, რომელიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის  თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობების გაცნობას ისახავს მიზნად, რათა მათ საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ.

აღნიშნულ ტრენინგებს განათლებისა და სოციალურ მეცნიერებათა ექსპერტი, რუსუდან თევზაძე უძღვება, რომელიც ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოდელის უნიკალურობაზე საუბრობს. „წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, თუმცა მსგავსი პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა. ეს არის ეფექტიანი მეთოდოლოგია, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე და მის მდგრადობაზე. დარწმუნებული ვარ, ბავშვებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან მუშაობით მივაღწევთ იმ მიზნებს, რასაც ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი ისახავს. მადლობას ვუხდი RDFG-ს, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ამ კომპონენტის ნაწილი“ – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

პროექტი EDKK „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) დაფინანსებითა და World Vision გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება