EDKK-ს ფარგლებში ახალი სათემო პროექტების მიღება დაიწყო

RDFG-ს პროექტ EDKK-ში სათემო პროექტების მიღების მეორე ფაზა დაიწყო. კოდის, დმანისის, წინწყაროს, შაუმიანისა და საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებაში წვლილი შეიტანონ. ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, EDKK-ს გუნდმა პროექტის წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტექნოპარკმა უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ტექნოპარკის გაცნობით ტურს დაეთმო.  ბავშვებმა დაათვალიერეს სააგენტოში არსებული სამუშაო სივრცე და ის ლაბორატორიები, სადაც ინოვაციური იდეები ხორციელდება. ტექნოპარკის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს  სააგენტოს თანადაფინანსების ახალი პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა.

ექსკურსიის შემდეგ ფერმერთა ცენტრებმა ტექნოპარკის შეხვედრების დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ბიზნეს ტრენერმა, გურამ დოლიძემ სათემო განვითარების მიკრო პროექტის განაცხადის ფორმის შევსების შესახებ ვორქშოფი ჩაატარა. ბავშვები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და ტრენერთან ერთად განაცხადის ფორმის შევსების თითოეული კომპონენტი დეტალურად განიხილეს. ახალგაზრდებმა ასევე ისაუბრეს საკუთარ სკოლებსა და თემებში არსებული საჭიროებების შესახებ და ერთმანეთს ის ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც სათემო პროექტებზე მუშაობის პირველ ფაზაში მიიღეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა. ის ინფორმაცია, რომელსაც ბავშვები კლუბის შეხვედრებზე იღებდნენ, ორგანიზებული ფორმით, თანმიმდევრულად იყო მოწოდებული. საშუალება მოგვეცა ადგილზევე შეგვევსო პროექტის განაცხადის ფორმა და ტრენერისგან უკუკავშირიც მიგვეღო. გარდა ამისა, შეხვედრაზე სხვადასხვა ფერმერთა ცენტრის ბავშვებმა ერთმანეთის შესაძლებლობები და ძლიერი მხარეები დაინახეს, რამაც მათ პროექტებზე მუშაობის მოტივაცია აუმაღლა და მისცა სტიმული, იშრომონ, არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ  სკოლისთვის, თემისთვის, სოფლისთვის –  აღნიშნა საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოხალისემ, ნინო ნიაურიმა.

სათემო პროექტების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 28 მარტია, რის შემდეგაც გამარჯვებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

RDFG-ს პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) ერთ-ერთი მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული აგროსამეწარმეო საქმიანობასა და საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC), რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და თანამედროვე აგრო მეწარმეობის სწავლებასა და უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. მასში ერთიანდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოზარდები.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.