ევროკავშირის წარმომადგელები თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ

13 მარტი, თეთრიწყარო – ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი, ქნ. სუსანა მარაზუელა ასპიროზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბნ. ნოდარ კერესელიძემ, რომელმაც სტუმრებს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ამ სფეროში. მისი მიზანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარება,  სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებს.

ღონისძიეებაზე ევროკავშირის მისია გაეცნო თეთრიწყაროში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საქმიანობას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას. თეთრიწყაროს LAG არის  მულტისექტორული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორებს, რათა ხელი შეუწყოს თეთრიწაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას დაბალანსებული, მონაწილეობითი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით. LAG აერთიანებს თეთრიწყაროს მაცხოვრებელ 107 ადამიანს, რომლებიც 20 ადგილობრივ თემს წარმოდგენენ. წევრებს შორის არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, იძულებით გადაადგილებული პირები და ეკო-მიგრანტები. ლაგის წევრთა დაახლოებით 40%-ს – ქალები, ხოლო 30%-ს ახალგაზრდები წარმოადგენენ.

ასოციაციის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილიმა პროექტის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება: „უკვე ერთი წელია, რაც ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტს ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. სწორედ ამ სტრატეგიაზე დაყრდნობით გავაგრძელებთ მუშაობას თეთრიწყაროში უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ პროექტის მიმდინარეობას და პირადად გასაუბრებოდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსა და პროექტში ჩართულ მხარეებს“.

ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე დამატებით პროგრამებს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის მიერ ჩამოყალიბებული დასაქმების პროგრამა არის ინოვაციური მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას სოციალური ექსკლუზიის რისკის წინაშე მყოფი პირებისათვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს უმუშევართა სოციალურ ინკლუზიასა და შრომით ბაზარზე მათ გააქტიურებას, დაეხმაროს მათ კარიერის დაგეგმვაში და ხელი შეუწყოს დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას. დასაქმების პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრები სოფელ სამღერეთში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ და RDFG-ის მიერ ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს ესტუმრნენ. ცენტრი აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. აღნიშნული ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ქნ. სუსანა მარაზუელა ასპიროზმა ცენტრის მოსწავლეებისთვის ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის თემაზე ლექცია-სემინარი გამართა.

თეთრიწყაროში ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის სადემონსტრაციოდ, შედგა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისა და პროექტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქვემო ქართლის ადგილობრივი მთავრობის, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს  ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების, სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით და დაბალანსებული, თანამონაწილეობითი და ინკლუზიური განვითარების სტრატეგიის შემუშავებით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.