საგარეჯოს YFC -ს მოსწავლეები ახალგაზრდა ბიო მეურნეს ესტუმრნენ

კამპანია “Look and Learn”-ის ფარგლებში, საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC ) ბავშვები ახალგაზრდა ბიო მეურნეს, ნოდარ ლატიბაშვილს ესტუმრნენ. ნოდარი საგარეჯოს მახლობლად, საკუთარი ხელით აშენებულ ნამჯის სახლში ცხოვრობს. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ეკოლოგიურად სუფთა ნამჯის სახლი და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

ნამჯა მკვდარი ღეროვანი მასალაა, რომელიც სხვადასხვა მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ რჩება. აღნიშნული მასალით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური საცხოვრისის აშენება, რომელიც არ საჭიროებს პროფესიონალ მშენებელს.

გარდა ნამჯის სახლის დათვალიერებისა, ნოდარ ლატიბაშვილმა სტუმრებს საკუთარი მეუნეობა აჩვენა და სოფლად ცხოვრების უპირატესობებზე ესაუბრა. ახალგაზრდებმა შეიტყვეს მულჩის მნიშვნელობის შესახებ და მისი პრაქტიკული გამოყენებაც ისწავლეს. გარდა ამისა, მასპინძელთან ერთად ფერმერთა ცენტრის ბავშვებმა ნუშის ხეები დარგეს.

„ვიზიტით ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მიიღეს ახალი და საინტერესო ინფორმაცია და პრაქტიკული გამოცდილება, რაც  უფრო საინტერესოა მათთვის, ვიდრე მხოლოდ წიგნებში წაკითხული და თეორიულად მოსმენილი. ბევრმა მათგანმა აღმოაჩინა, რომ სოფლის მეურნეობა იმაზე საინტერესო ყოფილა, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენს, რომ მსგავსი აქტივობებით ბავშვებს სოფლად ცხოვრების უპირატესობები დავანახოთ“. – აღნიშნა პროექტ EDKK-ს თანამშრომელმა, ბაიკო პოილარაშვილმა.

საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოსწავლეებმა, საჭიროების შემთხვევაში ნოდარისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დახმარების სურვილიც გამოთქვეს.

RDFG-ს პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) ერთ-ერთი მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული აგროსამეწარმეო საქმიანობასა და საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC), რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და თანამედროვე აგრო მეწარმეობის სწავლებასა და უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. მასში ერთიანდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოზარდები.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.